LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

432
fot

მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის განცხადებაში.

გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში შესრულებული აქვს როლები: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“ 1959), დათო (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ“), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის „ბრალდება“), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დიტო (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადატრიალდება“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), ავტორი (ი. ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“), დიდებული („ჰამლეტი“ 1960), ავთო („მზიანი ღამე“ 1966), ტარიელი („ვეფხისტყაოსანი“ 1966), ოიდიპოსი („ოიდიპოს მეფე“ 1976), ჯორჯ კლარენსი („რიჩარდ მესამე“ 1979) და სხვ.

განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი („გიორგობისთვე“ 1966), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“ 1978), ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“ 1967), ჰერცოგი („დონ კიხოტი“ 1989), თენგიზი („გასერინება ყარაბაღში“ 2005) , მერაბ სეთურიძე „რაიკომის მდივანი“), მირიან ტაბიძე („გამოცხადება“) და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: „ირინეს ბედნიერება“ (აბესალო, 1974), „ოთარაანთ ქვრივი“ (გიორგი და სოსია, 1978), „სატელევიზიო ოთხთავი“ (1996) და სხვ.

შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს „ვეფხისტყაოსანი“ (1986), „გალობანი სინანულისანი“ (1989).

გოგი ხარაბაძე რვა წიგნის ავტორია: „თქვენ მომაგონდით“, „კოქსართროზი“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „სისხლიანი მეოცე“, „პირველი“, „თამადა“, „სახლი რუსთაველზე“.

გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1976) და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის (1987) ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი (2017), ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ (2012).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები