LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო.. ამ ტკივილით იცხოვრა, ვერასოდეს მოინელა“ – როგორ იხსენებენ რეჟისორები გოგი ხარაბაძეს

383
Untitled design (1)

გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

„მესამე ძმა მომიკვდა… ცრემლები მახრჩობს“ – ოთარ და თამაზ ჭილაძეების და, გოგი ხარაბაძის გარდაცვალებაზე

გარდაცვლილ მსახიობს რეჟისორები, ლანა ღოღობერიძე და მერაბ კოკოჩაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსენებენ.

ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:

კიდევ ერთი დანაკლისი, ძალიან მძიმე – ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის… გოგისთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს და ამიტომაც, ყველაფრის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია…

ნამდვილი არტისტი, პროფესიონალი და ძალიან გულთბილი ადამიანი… წავიდა კიდევ ერთი ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად ალამაზებდა…

მისი შვილის დაღუპვა მთელი ოჯახის უდიდესი ტრაგედია იყო… ის მოუნელებელი ტკივილი მე რუსუდან კიკნაძესთან ერთად გადავიტანე, რადგან მაშინ მასთან ახლოს ვიყავი.

საშინელი რამ, რაღაც გაუგებარი მოხდა, სხვა ქვეყანაში… ვფიქრობ, გოგიმ ვერასოდეს მოინელა, ამ ტკივილით იცხოვრა“.

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

„გოგი ხარაბაძე მართლაც შესანიშნავი მსახიობი, პიროვნება იყო… ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი ეროვნული შეგნება ჰქონდა და გამოხატავდა კიდეც! როცა საქართველოს უჭირდა, ქვეყანას თავის მეგობრებთან ერთად გვერდით ედგა და ყველაფერს აკეთებდა, სიმართლე ნათქვამი ყოფილიყო…

მეტსაც გეტყვით: ტელეფილმების სტუდიაში მან ბიბლიის მიხედვით შესანიშნავი ციკლი შექმნა, სადაც ჭეშმარიტებაზე, სულიერებაზე, რწმენაზე მიდიოდა საუბარი…

გოგი ხარაბაძის პირველივე – ოთარის როლი მახსოვს, ოთარ იოსელიანის მიერ გადაღებულ ფილმში „გიორგობისთვე“… ბრწყინვალედ ითამაშა, გამორჩეული მსახიობი იყო, დიდი მეგობარი და ნამდვილი, ღრმა ქართველი… უდიდესი დანაკლისია ქართული თეატრისთვის, კულტურისთვის, საქართველოსთვის…

გოგი ხარაბაძე ხელოვნებიდან არასოდეს წასულა! როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ტელეფილმების სტუდიაში ციკლი შექმნა – „თხრობა ბიბლიის შესახებ“ და ამით ნათქვამია, რომ ხელოვნება, კულტურა არასოდეს მიუტოვებია“.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები