LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო დონე საქართველოში: ქუთაისის უნივერსიტეტი დღეს პირველ სტუდენტებს მიიღებს

995
FORTUNA.GE (16)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

KIU სტუდენტებს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს შესთავაზებს. უნივერსიტეტის ამოცანა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა და ადამიანური კაპიტალის მომზადებაა, რაც საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში შეუწყობს ხელს.

უნივერსიტეტი ევროპის წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და  TUM-თან  თანამშრომლობს) თანამშრომლობს. KIU-ს საოპერაციო მოდელი TUM da TUM International GmbH-თან პარტნიორობითაა შემუშავებული. KIU-ს საპატიო პრეზიდენტი TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფანგ ჰერმანია.

როგორც უკვე ცნობილია, ქუთაისში ინოვაციური პროექტით გათვალისწინებული, ახალი, საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა დასრულდა. აშენებულია უმაღლესი სასწავლებლის კორპუსი და სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებლები.

უნივერსიტეტის სტანდარტებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, „ფორტუნა“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერს ნინო თვალთვაძეს ესაუბრა. ქალბატონი ნინო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და სტუდენტთა მონაცემებზე გვესაუბრება:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რომელ პროგრამებზე იწყება სწავლება უნივერსიტეტში?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2020 წლის სექტემბერში პირველ სტუდენტები მიიღო. სწავლა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე დისტანციურად დაიწყო: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.

როდის ელოდება უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს უკვე აუდიტორიაში?

სწვალა ამ ეტაპზე ონლაინ რეჟიმში ხორციელდება და სულ მალე სასწავლო პროცესი კამპუსზე გაგრძელდება. ორშაბათიდან სწავლების შერეულ-ჰიბრიდულ მოდელზე გადავდივართ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლეს სასწავლებელში არიან წელს უცხოელი სტუდენტები?

სანამ უშუალოდ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით გიპასუხებთ, აუცილებლად შევეხები ზოგადად სტუდენტების მონაცემებს, რადგან როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერისათვის, ეს საკითხი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე  უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში, ხოლო TUM-ის წარმომადგენლებმა და KIU-ს სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სტუდენტების ქულათა მაჩვენებელს და მიღებულ შედეგებს დადებითი შეფასება მისცეს.

ქუთაისის უნივერსიტეტს წელს რამდენიმე ქვეყნიდან ეყოლება სტუდენტები, მათ შორის აშშ-დანაც. რეიტინგის მიხედვით თუ შევხედავთ, ყველაზე პოპულარული წელს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. მომდევნო ადგილზეა მენეჯმენტის პროგრამა და ბოლოს მათემატიკა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფლობთ თუ არა სტუდენტთა მონაცემებს?

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები, წალენჯიხის მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგონაა, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-ს გრანტიც (შიდა დაფინანსება) მოიპოვა. სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი  ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

KIU-ს სტუდენტთა შორის არიან ისეთი წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებმაც გერმანიაში გამგზავრების და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტი აირჩიეს. რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერედან და სხვა რეგიონებიდან, ანუ გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია და მთელ საქართველოს მოიცავს. შესაბამისად, ქუთაისის უნივერსიტეტი, შექმნის დღიდანვე არის ადგილი, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემების მქონე ახალგაზრდები სწავლობენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც ვიცით, რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა უკვე დასრულებულია. რას გვეტყვით საცხოვრებლებთან  დაკავშირებით?

უნივერსიტეტი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. ტერიტორია, ისევე როგორც სხვა სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებელს მოიცავს. საცხოვრებელი ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვისაა გათვლილი. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. საცხოვრებელი კამპუსი რამდენიმე შენობისაგან შედგება და მოიცავს როგორც 1-ადგილიან, ასევე 2-ადგილიან ოთახებს, რომელთაგან თითოეული სრულად აღჭურვილია. კამპუსში არის განთვსებული სხვადასხვა გასართობი და სამუშაო სივრცეები სტუდენტებისათვის.

აქვე აღვნიშნავ, რომ წელს KIU-მ პირველად უმასპინძლა მი­უ­რა­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს KIU MURAL FEST. ფეს­ტი­ვა­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია. გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია კი „Tbilisi Mural Fest”. ფესტივალის ფარგლებში ჩვენს უნივერსიტეტს სტუმ­რობდა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლ მხატ­ვარ­თა ჯგუ­ფი, ისინი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ზე შე­ნო­ბე­ბის მო­ხატ­ვას ახორ­ცი­ე­ლებდნენ. მოწ­ვე­ულ მხატ­ვარ­თა შო­რის იყვნენ არ­ტის­ტე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, სერ­ბე­თი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, რომ­ლებ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი და არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი კე­დე­ლი მო­ხა­ტეს. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, სწორედ ამ არტისტებმა მოხატეს საცხოვრებელი კამპუსის კედლები, რამაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა იქაურობა, თანაც შინაარსობრივად კიდევ უფრო საინტერესო.

გაგვანდეთ, უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები…

უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს რეგიონის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრად. KIU-ს სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას კერძო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ და განხორციელებულ სტაჟირების პროგრამებში. KIU, კლასტერული ჰაბის საშუალებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ინოვაციების გაძლიერებასა და მეწარმეობის მხარდაჭერას.  KIU-ს კლასტერული ჰაბის მიზანია:

–  ინოვაციების სტრუქტურული ხელშეწყობა სტარტაპების მხარდაჭერის გზით.
–  საწარმოების ხელშეწყობა, გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაში მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
–  კორპორაციული კულტურის სტიმულირება.

ქუთაისის უნივერსიტეტი სამეწარმეო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევებს, ტრენინგებსა და ტექნოლოგიების გადაცემას, მიზნად ისახავს საქართველოსა და რეგიონში მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის დამკვიდრების ხელშეწყობას ადამიანების, დისციპლინების, ორგანიზაციებისა და სექტორების დაკავშირების გზით.

KIU-ს გეგმებს შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური განაცხადი უკავშირდება ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადიაციულ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში. კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს პროტონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებას, KIU-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთად.KIU აუცილებლად გახდება საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში. უნივერსიტეტის  სტრატეგია კვლევის სფეროში ითვალისწინებს თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიების ბაზაზე მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება KIU-ში შესაბამისი დარგის მეცნიერებისა და წამყვანი ექსპერტების მოზიდვის გზით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო თვალთვაძის განცხადებით ასევე ცნობილია, რომ წელს მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა. მისივე ცნობით, წლევანდელ სტუდენტთა 78%-მა სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში დღეიდან, 19 ოქტომბერს იწყება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 000 სტუდენტის მიღება შეუძლია, ხოლო 2023 წლიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი, სამეცნიერო მიმართულება ამოქმედდება, რომელიც სიმსივნით დაავადებული ადამიანების ინოვაციური მეთოდით მკურნალობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები