LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აქტივისტები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირსა და გაზს, რომელიც ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება – ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პოლიციელებზე” – შს მინისტრის მოადგილე

150
BeFunky-collage - 2024-05-02T012852.912

აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირსა და გაზს, რომელიც ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პოლიციელებზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს აუცილებლად გაარკვევს როგორ მოხვდა აქციის მონაწილეების ხელში აღნიშნული საშუალებები.

„საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ და მხუთავ აირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაში და ეზოში განთავსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ესვრიან. ასევე, საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

პოპულარულები