LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკოსმა ნინო ბაშარულმა უნიკალური, ტურისტული პროექტი შექმნა – მალე, მთელ საქართველოს „მუსიკალური ქარავანი“ მოიცავს

838
ipiccy_image

ტურისტულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა: გემოვნებიანი, მაღალი ხარისხის მუსიკა და ტურიზმი – ამ ყველაფერს „მუსიკალური ქარავანი“ გააერთიანებს, რომელიც მუსიკოს ნინო ბაშარულის პროექტია.

როგორც ცნობილი მუსიკოსი ამბობს, „ქარავანი“ ტურისტული მოძრაობაა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს, გემოვნებიან მუსიკოსებთან ერთად. პირველი ტურიც უკვე ჩანიშნულია და ის 24-25 სექტემბერს, ახალციხეში შედგება. აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად TAMADA დააგვირგვინებს.

„ამ პროექტის გაკეთების იდეა კავკასიის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლის პროცესში გამიჩნდა. უამრავი პროექტი გავაკეთე და ერთ-ერთი სწორედ „მუსიკალური ქარავანი“ იყო, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. პროექტის მიზანია ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ხარისხისა და მოტივაციის ამაღლება, რეგიონების მეტად განვითარება და მომხმარებლისთვის დაუვიწყარი დღეების ჩუქება“, – აღნიშნა ნინო ბაშარულმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, „ქარავანი“ ორიენტირებული იქნება ვიზიტორებისთვის ისეთი ადგილების გაცნობაზე, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ და მათი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია.

„მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტით უკვე დაინტერესდნენ ჩვენს ქვეყანაში და პარტნიორებიც გამოგვიჩნდნენ. უკვე გავაფორმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურისტულ კომპანია „გოუ ტურთან“. მემორანდუმის თანახმად, იგეგმება ყოველთვიურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უნიკალური ტურების მოწყობა საზოგადოებისთვის საყვარელ მუსიკოსებთან ერთად“, – განუცხადა „ფორტუნას“ ნინო ბაშარულმა. მისივე ინფორმაციით, „მუსიკალურ ქარავანთან“ ითანამშრომლებს რაბათის ციხეც, გარდა ამისა, პროექტს პოპულარიზაციას გაუწევს რადიოჰოლდგინი „ფორტუნა“.

შეგახსენებთ, „მუსიკალური ქარავანის“პირველი ტური სტარტს უკვე სექტემბერში აიღებს, ხოლო ყოველი წლის ზაფხულში გაიმართება “მუსიკალური ქარავანი”-ს ფესტივალი, იმ მომღერალთა და მუსიკოს-შემსრულებელთა მონაწილეობით, რომლებიც მოგზაურობდნენ მასთან ერთად.

დეტალური ინფორმაცია „ქარავანის“ შესახებ იხილეთ მის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები