LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიკორუფციული მოძრაობა მზიურის პარკის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს – საკრებულოში აცხადებენ, რომ ნებართვა გიგი უგულავამ გასცა

167
Untitled design (53)

თბილისის მერიამ მზიურის პარკში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამის შესახებ  ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნებართვა კორუფციული სქემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია.

ლაშა ფარულავას განცხადებით, დედაქალაქის მერიამ პროექტი სამშენებლო ნორმატივების და უსაფრთხოების წესების დარღვევით შეითანხმა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მშენებლობის უკან „სახელისუფლებო კლანის წევრების“ კორუფციული ინტერესები დგას.

მისივე თქმით, მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი კორპუსები ამორტიზებული და ავარიულია, თუმცა საექსპერტო დასკვნა ისეა შედგენილი, რომ მდგრად ნაგებობად არის წარმოჩენილი.

„ამ მშენებარე კორპუსს მისასვლელი გზა არ გააჩნია, ამიტომ „მზიურის“ მხრიდან ფაქტობრივად, უკანონოდ გაჭრილია გზა და კომპანიამ გადაწყვიტა, რომ სამშენებლო სამუშაოები „მზიურზე“ გავლით აწარმოოს. აქ არის მოჭრილი ხეები. მწვანე ნარგავები განადგურებულია. ამბობენ, რომ ხეების გადაგვაზე ნებართვა აქვთ, თუმცა აქ ვიზუალურად შეგიძლიათ მოჭრილი ხეები ნახოთ, თუ როგორ ვანდალურად არის გადარგული. გადარგული კი არა როგორც სარები, ისე არის დარჭობილი და გამორიცხულია აქ ამ ხეებმა გაიხარონ,“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისივე თქმით, პროექტში უამრავი დარღვევაა: სამეზობლო მიჯნის, სიმაღლის განსაზღვრის, კოეფიციენტის გამოთვლის, სახანძრო უსაფრთხოების და პარკირების.

ფარულავას განცხადებითვე, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა მშენებლობის შეჩერება და კომპანიისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან ადგილმონაცვლეობის შეთავაზებაა.

რევაზ სოხაძის თქმით, გამოითქვა ეჭვი, რომ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა კორუფციული გარიგება არსებობდეს და მან აღნიშნული განცხადების ავტორებს მოუწოდა, შესაძლო კორუფციული გარიგებები წინა ხელისუფლებასთან გაარკვიონ.

„ნამდვილად საეჭვოა, თუ რა ნიშნით გასცა გიგი უგულავამ 2011 წელს ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 10.0 კოეფიციენტით. იმავე წელს, ამ ტერიტორიაზე მშენებლობაც კი დაიწყო. ნამდვილად საინტერესოა, თუ რის საფუძველზე გაზარდა მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ კოეფიციენტი,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის დიდი ძალისხმევის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამტკიცებული მშენებლობის კოეფიციენტი ორჯერ შემცირდა და გაიცა სამშენებლო ნებართვა მხოლოდ ამის შემდეგ.

„მშენებლობის კოეფიციენტი განახევრდა, რაც ურბანული თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. მშენებლობის ნებართვა მხოლოდ კოეფიციენტის განახევრების შემდეგ, კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გაიცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მშენებლობას მისასვლელი ატენის ქუჩიდან აქვს. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, თუ იქ რაიმე სამუშაოები უკანონოდ არის ნაწარმოები, ვგულისხმობ ხეების ჭრას და სხვა, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები