„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ,ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა და ხელისუფლებას ასევე რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდა:
„ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და ბოროტების იმპერიის რღვევას. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი ცივილიზებულ სამყაროსთან უპირობოდ მარცხდება,რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში, საქართველო ბოროტების და წაგებულის მხარეს აღმოჩნდა.
ამ დრომდე, რუსული პარტია, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სრულიად ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე. მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, საქართველოში არანაირი უშიშროების საბჭო არ არსებობს. არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო, შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება, არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას ნიშნავს. რაღა მარგარიტა სიმონიანი და სოლოვიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო..
რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი – პირველი: სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
მეორე: ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ამბობდნენ, მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო? ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავ ფულს და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები რომ ცხოვრობენ.
საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო ომის პირობებში დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევა მოხდეს, რაც, მათი სურვილის შემთხვევაში, მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას გულისხმობს.
ასევე, საქართველოში ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ევროპა ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არის ის, რასაც ახლა მსოფლიო უყურებს, არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება. ეს უნდა რუსეთს საქართველოშიც და ეს უნდა კობახიძეს და ივანიშვილსაც, ამიტომ ძალადობენ ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებზე“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს