რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ სამხედროების ნაწილი მოტყუებით და მუქარით ჩართეს შეიარაღებულ აჯანყებაში. მისივე განცხადებით, „რუსეთის ხელისუფლება დაიცავს ქვეყანას, როგორც გარე მტრებისგან ასევე შიდა მოღალატეებისგან“.
მისივე განცხადებით, აჯანყებულებს გარდაუვალი სასჯელი ელით და შეიარაღებულმა ძალებმა, სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები.
„ეს ბრძოლა მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას და კონსოლიდაციას, როდესაც ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, გვერდით უნდა იქნას გადადებული. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ერთიანობას არღვევს, არის ფაქტობრივად საკუთარი ერის ღალატი, იმ მეგობრების ღალატი, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის ზურგში ჩაცემული ლახვარი. სწორედ ასეთი რამ მოხდა 1917 წელს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი, სახელმწიფოს დაცემა და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. ჩვენ ამის გამეორებას არ დავუშვებთ და დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან ასევე შიდა მოღალატეებისგან.
როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს“ – თქვა პუტინმა.
ამავე თემაზე:
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა