შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მისივე განცხადებით, „ისინი ბავშვებს არ ხოცავენ, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აკეთებს, პრიგოჟინის თქმით, ისინი პროფესიონალებს ებრძვიან“.
„შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს ძალები, რომლებსაც ჩვენთვის გზა უნდა გადაეკეტათ, გვერდზე გადგნენ. ჩვენ არ ვხოცავთ ბავშვებს, ამას აკეთებს შოიგუ, რომელიც გამოუცდელ ჯარისკაცებს, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფებს ომში აგზავნის. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით“, – აცხადებს პრიგოჟინი.
რუსული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში შეიარაღებული ადამიანები და ტანკები გამოჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არიან სამხედროები, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციის, შსს-ს და „ეფესბეს“ სამმართველოებს აკონტროლებენ – „ვაგნერის“ მებრძოლები, თუ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და შეძლებისდაგვარად სახლებში დარჩნენ.