პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვერსია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულია.
ამის შესახებ ღარიბაშვილი მის მიერვე დღეს გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს და წერს, რომ ეს რომ სააკაშვილს სდომოდა, „ქურდულად კი არა, ციხეში ვაჟკაცურად ჩაჯდებოდა.“
„მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში.
ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ“, – წერს ღარიბაშვილი.
მისი აზრით, ახლა კი, როდესაც სააკაშვილი საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.
როგორც პრემიერი თავისივე წერილში წერს, ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც მას აბსურდი ჰგონია.
„როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.
შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა,“- მიიჩნევს ირაკლი ღარიბაშვილი.
იხილეთ ვრცლად:
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს