“საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.

ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ოცნება“ ისევ ცდილობს ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს.

“მთავარი კითხვა რაც უნდა დავსვათ – ამ გადაწყვეტილებით ადგება თუ არა ზიანი სახელმწიფოს (მიუხედავად იმისა, ჩაიდინა თუ არა ნიკა გვარამიამ დანაშაული) დღეს და ახლა, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება? პასუხი არის – დიახ!

და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებოდა მსჯავრდებულის სკამზე – ნიკა გვარამია თუ რომელიმე სხვა მედიასაშუალების მფლობელი?

ზიანი ადგება სახელმწიფოს შემდეგ მიზეზთა გამო:

ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი აქვს შეტანილი და კანდიდატის სტატუსს ელოდება. ევროკავშირის კითხვარის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, მედია თავისუფლებას და პლურალიზმს ეხება. ევროკავშირი პირდაპირ გვეკითხება არსებობს თუ არა ქვეყანაში სამართლებრივი დავა ან გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად?

და სწორედ იმ დროს, როცა ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი წყდება, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედიასაშუალების მფლობელს თავისუფლების აღკვეთას უსჯიან ფინანსურ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სამ სხვა ალტერნატივას – ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას – ითვალისწინებს. და ეს მაშინ, როცა “ოცნებას” ასეთ დანაშაულებზე მრავლად აქვს გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი.

სრულიად შესაძლებელი იყო სასამართლოს საბოლოო სასჯელის სახით 220-ე მუხლის ორივე ეპიზოდზე (რაშიც გვარამია დამნაშავედ სცნო) გამოეყენებინა ჯარიმა, ზუსტად ისე, როგორც 220-ე მუხლის ერთ ეპიზოდზე გამოიყენა და ზუსტად ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება.

ბუნებრივია, ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიმართ “ოცნებამ” ნდობა ბოლომდე დაასუსტა, ჩნდება სერიოზული კითხვები განაჩენის სამართლიანობასთან და კანონიერებესთან დაკავშირებით. პრობლემა ისაა, რომ ასეთი კითხვები უკვე იმ საქმეებზეც ჩნდება, სადაც უამრავი მტკიცებულებაა და ეს მდგომარეობა სრულიად “ოცნების” პასუხისმგებლობაა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “ოცნება” ისევ ცდილობს ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს“, – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები