LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისთვის, მზაობა ღიად გამოხატოს

73
უკრაინელი ლტოლვილები

10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ღიად გამოხატოს ნება და მზაობა უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისთვის და მიიღოს ქმედითი ზომები მათ მისაღებად.

NGO-ების შეფასებით, უკრაინიდან ლტოლვილების შემოსვლის ტენდენცია საქართველოშიც ჩანს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზაციების დაკვირვებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თავშესაფრის მოძიებას ძირითადად ის უკრაინელები ცდილობენ, ვისაც საქართველოსთან ნათესაური, საოჯახო ან სხვა მყარი კავშირები აქვთ.

„თუმცა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანახმად, ამ რეალობის მიუხედავად, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პროაქტიური ნაბიჯები ლტოლვილების უკრაინიდან ორგანიზებული გამოყვანისა და შემდგომში უკვე საქართველოში მათი სათანადო და რეალური მხარდაჭერის მიზნით.

უფრო მეტიც, საქართველოში რჩება ათასობით უკრაინელი ტურისტი, რომელმაც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო დაბრუნება ვერ მოახერხა და ისინი ასევე გადაუდებელი სოციალური მხარდაჭერის წინაშე დგანან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს განცდილი რუსული სამხედრო აგრესია და ომთან დაკავშირებული უმძიმესი დანაკარგები, უნდა იყოს პირველი იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც დღეს მეგობარ ქვეყანას სთავაზობენ რეალურ მხარდაჭერას, მათ შორის ლტოლვილების მიღების სახით.

გაერო: უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია

გაეროს ცნობითვე, თავად უკრაინის ტერიტორიაზე დევნილად იქცა კიდევ ორ მილიონამდე ადამიანი.

„მნიშვნელოვანია რომ, ხელისუფლებამ მოაწესრიგოს ლტოლვილების მიღების პოლიტიკა და შექმნას მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი, განათლების, ჰუმანიტარული, ფსიქო-სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის პირობები, იმ დრომდე სანამ ისინი შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში“, – აცხადებენ ორგანიზაციები

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

  • ღიად გამოხატოს ნება და მზაობა უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისთვის;
  • მიიღოს ქმედითი ზომები ლტოლვილების მისაღებად, მათ შორის გამოყოს ჰუმანიტარული თვითმფრინავი მათ უსაფრთხოდ ჩამოსაყვანად და შეიმუშაოს გამარტივებული პროცედურები მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით;
  • დაუყოვნებლივ შექმნას უკრაინელი ლტოლვილებისთვის ადეკვატური საცხოვრებელი, სოციალური, ფსიქო-სამედიცინო, განათლების, დასაქმების და სხვა რელევანტური პროგრამები, რაც არსებითია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოში, მანამ სანამ ისინი შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნებას სამშობლოში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
უფლებები საქართველო
ქალთა ფონდი „სოხუმი“
საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 

 

პოპულალურები