LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თარხან-მოურავი: „ნინოობაზე სახლის გასაღებით ხელში მოვიდა და მითხრა, გილოცავო…“

9
ნინო-თარხან-მოურავი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ნინო თარხან-მოურავი, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორც ვიცი, თქვენი საბუთები თეატრალურში დედათქვენმა შეიტანა…

არ მინდოდა მსახიობობა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრთან ინტენსიური შეხება მქონდა. დედა ოცნებობდა, რომ თავად გამხდარიყო მსახიობი, თუმცა ეს ვერ მოხდა. მე ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი ჯგუფელები მყავდა. ფარაჯანოვის გამოფენაზე რომ ვიყავით, უეცრად ვიღაც ჭაღარათმიანი კაცი მოვიდა და დამიყვირა, – „ზემფირა“, თავიდან ვერ მივხვდი, შემდეგ დედაჩემმა მითხრა, რომ ეს ფარაჯანოვი იყო. მე საოცრად ბედნიერი ვიყავი. ამის შემდეგ ის ქუჩაში შემხვდა. მანქანიდან მიყვიროდა, შენ როლზე ხარ დამტკიცებულიო, ეტყობა. ჩემში რაღაც დაინახა. გავიდა წლები და კიდევ ერთხელ შეხვდით ერთმანეთს, მან თავის ავტობიოგრაფიულ ფილმზე დამიძახა.  მისი გარდაცვლილი კლასელი უნდა განმესახიერებინა. მახსოვს, კუბოც შეუკვეთეს ჩემთვის და ზომებიც აიღეს, რომ ჩავწექი, ძალიან არაკომფორტული შეგრძნება მქონდა. შემდეგ კი უკვე მეცინებოდა. ქუსლებით ვეჭიდებოდი, რომ კუბოდან არ გადმოვვარდნილიყავი. ამ ფილმის გადაღების პროცესში ის ავად გახდა და მასზე მუშაობა ვერ დაასრულა. შემდეგ იყო კიდევ ერთი ქართული წარმოშობის სომეხი რეჟისორის ფილმი,  სადაც ჩემი პარტნიორი კარლო საკანდელიძე გახლდათ. თავდაპირველად ძალიან შებოჭილი ვიყავი. მთელი კარიერის განმავლობაში არაჩვეულებრივი ადამიანები მხვდებოდნენ, ყველასი მადლიერი ვარ. ერთხელ „მეფე ლირში“ ვითამაშე. ვღელავდი, რამაზ ჩხიკვაძეს უნდა შევხვედროდი. სცენაზე რომ გამოვედი, ისე გადამისვა თავზე ხელი, ისე ჩამიკრა თვალი, აბსოლუტურად „გამხსნა“, აღარაფრის მეშინოდა. ალბათ, კარგ დროს, კარგ ადამიანებში მოხვდი.

ვინ იყო თქვენი პირველი შემფასებელი? 

დედა, ის სულ კრიტიკული იყო, სულ მეშინოდა, მას არაფრის ერიდებოდა, პირდაპირ მეუბნებოდა ყველაფერს, მეც პირველი მას ვეკითხებოდი აზრს. ის საკმაოდ ნაკითხი ადამიანი იყო. მისი რჩევების შემდეგ, ჩემს პრიზმაში გავატარებდი ხოლმე ყველაფერს და გამოსწორებას ვცდილობდი.

რომელი იყო თქვენი პირველი მნიშვნელოვანი როლი?

პირველი მნიშვნელოვანი როლი თეატრში იყო „ანა ფრანკის დღიური“.. ამ როლს შემდეგ დიდხანს ვირგებდი. 13 წლის ანას როლს 33 წლის ასაკშიც ვთამაშობდი. სხვათა შორის, სწორედ ამ სპექტაკლზე დაიწყო  ჩემი და ჩემი მომავალი მეუღლის ურთიერთობა,  სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს. სანამ შევუღლდებოდით, ჩვენ 9 წელი ვმეგობრობდით.

კინო თუ თეატრი?

ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ კინო, კინო ძალიან მიყვარს. ორივეს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. გადასაღებ მოედანზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

რამდენად კრიტიკულია თქვენი მეუღლე თქვენ მიმართ?

მე მომწონს, როცა ადამიანი, რომლის აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენიშვნას მაძლევს. ჩვენ სულ ვეკითხებით ერთმანეთს აზრს.  თემიკოა ჩემი საუკეთესო მრჩეველი და ჩემი შვილი. ჩვენ არ გვქონდა საკუთარი სახლი, ერთხელაც ნინოობაზე ჩემთან თემიკო გასაღებით ხელში მოვიდა, გილოცავო, საოცრად ბედნიერი ვიყავი, რომ საკუთარი კუთხე გვექნებოდა.

შვილზე გვესაუბრეთ, ისიც თქვენ სფეროშია…

ერთხელ  თეატრში მივიყვანეთ, დუტა და კაბუ გავაცანი, გაოცებული იყო, დედა, შენ დუტას და კაბუს იცნობო…. პატარა იყო, რომ მითხრა, მსახიობობა მინდაო. რეპეტიციებზეც ხშირად დამყავდა ხოლმე. შემდეგ სერიალში გადაიღეს. ჰქონდა პატარა როლი „ჩემი ცოლის დაქალებშიც“. ახლა ის სცენოგრაფია, უკვე 16-ზე მეტი სპექტაკლი აქვს გაფორმებული.

ხშირად მისაუბრია მსახიობებთან როლში ჩარჩენის ცნების შესახებ…

ახალგაზრდობაში მქონია. სულ სწავლობ, სულ განვითარებაში ხარ. ზოგჯერ ზოგიერთ სპექტაკლში ისეთი გარემოა, რომ ის გთრგუნავს, თუმცა დიდხანს როლში რომ ჩავრჩენილიყავი, არ მქონია ასეთი შემთხვევა.

ნინო და ბებიობა…

რაოდენ დაღლილიც უნდა იყო, სახლში რომ მოხვალ და ბრჭყვიალა თვალებს ნახავ, ყველაფერი გავიწყდება. თემიკო არაჩვეულებრივი ბაბუაა.

როდესაც სხვა მსახიობს ახმოვანებ, ეს კიდევ სხვა პროფესიაა…

მრავალი წლის განმავლობაში ვახმოვანებდი „რუსთავი 2-ზე“ ფილმებს და სერიალებს. თავიდან ეს საქმიანობა ძალიან მიჭირდა და არც მომწონდა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ძალიან საინტერესოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები