LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“

4804
page

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში კომპოზიტორ-შემსრულებელმა ნუგზარ ერგემლიძემ მისი და მამუკა ონაშვილის მეგობრობაზე ისაუბრა და მათი გაცნობის პერიოდი და უკანასკნელი საუბარი გაიხსენა.

მოგვიყევით თქვენი და მამუკა ონაშვილის მეგობრობაზე, თქვენს ბოლო კონტაქტზე, ბოლო საუბარზე…

რაც მოხდა, ეს ხომ ტრაგედიაა?! მამუკამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა წარმავალია ეს ქვეყანა და რა უეცრად შეიძლება, ადამიანი გაქრეს. წინა დღით, ჩვენმა საერთო მეგობარმა, მშენებელმა ადამიანმა მთხოვა, მამუკას მალაპარაკეო და მეც, რა თქმა უნდა, დავურეკე. ის ძალიან მოეფერა, ძალიან მიყვარხარო, უთხრა. მე ხუმრობით ვუთხარი მამუკას, ამ კაცმა ბინა თუ გაჩუქა, ხომ იცი, წილში ვარ-მეთქი. აივანი შენიაო – ასე მითხრა. ასე, მისი ბოლო სიტყვებით დამთავრდა ჩვენი დიდი ურთიერთობა.

მამუკა ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა გავიცანი. მთელი საძმოთი გავიცანით ერთმანეთი, ძალიან ბევრნი ვიყავით ერთად, მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ირაკლი მენთეშაშვილი… მამუკა უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო, შეეძლო, მთელი საზოგადოება თავისი სცენარით წაეყვანა, გაეცინებინა, აეტირებინა, ფოკუსი ეჩვენებინა. ზურასთან მისი დუეტი ხომ საერთოდ სასწაული იყო. აწყობილი ჰქონდათ დიდი სპექტაკლები, რომელიც სამწუხაროდ, ვერასდროს ვერსად გავიდა ეთერში და ის, რომ საზოგადოებამ ვერ ნახა მათი დუეტი, ძალიან დიდი დანაკლისია. რაც შეეხება სიმღერას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თავის სიმღერაში მიიწვია, ეს იყო დაახლოებით 1999 წელს. გადიოდა წლები და ერთად გავდიოდით სცენაზე. რა გითხრათ, ძალიან მწყდება გული.

როგორია დუეტის „ალექსანდრეს ბაღი“ ისტორია?

„ალექსანდრეს ბაღი“ მამუკას და მის მაშინდელ მეუღლეს, ქალბატონ ირას რომ მოვასმენინე, მოეწონათ და იქამდე მიიყვანეს ეს სიმღერა, რომ მათი შესრულება ჰიტი გახდა. მათი დუეტი იმ წლის ოცეულში მოხვდა. მამუკა უნიჭიერესი ადამიანი იყო, ვფიქრობ, რომ არ აკლდა სიყვარული, მაგრამ აკლდა ცოტა მეტი გამოძახილი. გული მწყდება, რომ ასე ტრაგიკულად, ასე მოულოდნელად, მისთვის გაუაზრებლად წავიდა. ალბათ, ვერც წარმოიდგინა, რა მოხდა. მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან, 100 წლის შემდეგ. ეს „ალექსანდრეს ბაღიც“ თუ კიდევ მოისმენთ, ნახავთ, რომ რაღაცნაირი საბედისწეროა.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები