LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ერიდებოდა ანა უსტიაშვილი საზოგადოებაში ცნობილი ბიძის ხსენებას: „მამუკას მეგობრებთან ერთად მიმღერია და ბევრმა მათგანმა ტრაგედიის შემდეგ გაიგო, რომ მისი დისშვილი ვიყავი…“

2808
ანა-უსტიაშვილი1

მომღერალი ანა უსტიაშვილი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელია – ბაბუა, გენო ონაშვილი ანსამბლ „რეროს“ სოლისტი გახლდათ, ბიძა, მამუკა ონაშვილი, ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

„სცენას ჩემთვის საოცარი ძალა აქვს, უდიდესი ემოციის მატარებელია, თითქოს მარტო ხარ და ჰყვები შენს ამბავს, იმავდროულად, თითოეულ მსმენელს ჩუქნი შენს გულს… შემდეგ არის ტაში, ოვაცია და ამოუხსნელი, ჯადოქრული შეგრძნება, სწორად ასეთი წუთებისთვის არსებობს სცენა. ჩემთვის სცენა ასევე საჩუქარია, რომელიც ჩემმა ბაბუამ და ბიძამ გადმომცეს და მინდა, გავუფრთხილდე ამ ყველაფერს. წინ საკმაოდ გრძელი გზა და დიდი შრომაა, მთავარია გვჯეროდეს საკუთარი თავის, გულწრფელები ვიყოთ, გვიყვარდეს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და ყველაფერი გამოვა…“, ამბობს ახალგაზრდა მუსიკოსი fortuna.ge-სთან ინტერვიუში.

ანა, პირველად რა ასაკში ამღერდი, გახსოვს?

დედაჩემი მეუბნება, რომ მუცელშიც ესმოდა ჩემი სიმღერის ხმა. ეს ხუმრობით, მაგრამ ადრეულ წლებშივე ვღიღინებდი, შემდეგ კომპეტენტურმა ადამიანებმა რომ მოისმინეს, თქვეს, მგონი ეს ბავშვი სმენას არ უჩივისო შემდეგ სამუსიკო სასწავლებელში 6 წლის ასაკში მიმიღეს. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური და შემოქმედებითი გზა, იმავდროულად, 8 წელი ვისწავლე თეატრალურ სკოლაში, ცოტა არტისტიზმა იჩინა თავი, ცოტა მუსიკალურობამ და რაღაც გამოვიდა (იღიმის).

დედამ რა წვლილი შეიტანა შენს განვითარებაში მუსიკალური კუთხით?

დედაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ყველა რესურსი და ენერგია ჩადო, რომ ამ გზაზე დავეყენებინე და მისი დამსახურებაა ჩემი მცირედი წინსვლაც. ბავშვობიდან დამაინტერესა ხელოვნებით, თეატრით, ოპერით, ბალეტით, ბევრი სფერო გამაცნო, უამრავ წრეზე დავყავდი მეტყველებიდან დაწყებული ფორტეპიანომდე დამთავრებული.
ბავშვობიდან სულ მოძრაობაში ვიყავით, მაგიტომ არის, დღეს სახლში რომ ვერ მაჩერებენ, დღემდე მგონია, რომელიმე მასწავლებელთან მაგვიანდება.


შენს ბიძას, მამუკა ონაშვილს რა გავლენა ჰქონდა შენს მუსიკოსად ჩამოყალიბებაზე?

მამუკა იყო თვითონ ის ადამიანი, ვინც თავისით გაითქვა სახელი და ფართო მუსიკალურ ასპარეზზე ხალხის უდიდესი სიყვარული და სიმპათია დაიმსახურა, მაგ პერიოდში ჩემი ბაბუა, გენო ონაშვილი ცნობილი ფიგურა იყო ქალაქში, ასევე გახლდათ ანსამბლ ,,რეროს” სოლისტი, თუმცა მამუკას მამის გავლენა არ გამოუყენებია და თავისი შრომით შედგა, ასეა ჩემთანაც. ყოველთვის მორიდებული ვიყავი ამ საკითხთან, მქონია კონცერტი და მიმღერია მამუკას მეგობრებთან ერთად და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ბევრმა მაშინ გაიგო, რომ მისი დისშვილი ვიყავი. მუსიკალურ რჩევებს სულ მაძლევდა და მისგან ბევრი რჩევა უთქმელადაც მივიღე, როდესაც მღეროდა, მთელი გულით ასრულებდა, სინამდვილე იგრძნობოდა მის ნამღერში და ამას ვაკვირდებოდი, როგორ მემღერა მეც ჩემი შეგრძნებებით, მაგრამ ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და მთავარი, რაც მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ღირებული ადამიანობა,,ადამიანების სიყვარული, გვერდში დგომა და სიკეთეა, ასეთი იყო მამუკა ონაშვილი.

ყველაზე მეტად მისი რომელი კომპლიმენტი დაგამახსოვრდა?

პანდემიის პერიოდი იყო, მამუკასთან და დედასთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავით, უცხო ზარი შემოვიდა, ავიღე ყურმილი – ანა, გამარჯობა, ვახტანგ კახიძე ვარ, შემოთავაზება მაქვსო, მახსოვს, იმდენად გამიხარდა, შუა საუბრის დროს მამუკას დავუძახე, ვატო კახიძე მირეკავს-მეთქი. სულ მინდოდა მასთან თანამშრომლობა და მის მიერ დაწერილი ,,რექვიემის” ერთ-ერთი სოლისტი გავხდი, შემდეგ, როდესაც პრემიერა შედგა და სატელევიზიო ჩანაწერი გავიდა, ძალიან ბედნიერი იყო, თან ეღიმებოდა, მაგ ღიმილში ბევრ რამეს მივხვდი,ზოგჯერ ადამიანებს თქმა არ გვჭირდება, ისე ვგრძნობთ ყველაფერს. მიხარია, რომ მოესწრო ჩემს პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯებს…

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

 

ინტერვიუ და ფოტოსესია რესტორანი „ეთნოსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები