LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება

29
BeFunky-collage

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი დღეს დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტს წარადგენს. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ცვლილებებს სამუშაო ჯგუფის წევრებს აცნობს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე წარადგენენ უკრაინული მოდელის ზუსტ ანალოგს და მოისმენენ სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს და ამის შემდეგ კომიტეტი კანონპროექტის დაინიციირების საკითხზე დღესვე იმსჯელებს, რის შემდეგაც ის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

არსებული ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის თაობაზე გათვალისწინებულია უკრაინული მოდელი, თუმცა უკრაინულ და ქართულ კანონებს შორის სხვაობა იქნება მხოლოდ იმაში, რომ უკრაინაში ოლიგარქად პირს აღიარებს პრეზიდენტთან არსებული საბჭო, საქართველოში კი ეს ფუნქცია პარლამენტს ექნება, გასაჩივრება კი მოხდება სასამართლოში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება.

“ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში.

შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება იქნენ ოლიგარქებად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ინიცირებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს.

„სახელების და გვარების შემოთავაზება სწორედ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ხდებოდა და არა მხოლოდ, რაც არის ნონსენსი, რომ რომელიმე კანონი სახელებზე და გვარებზე იგებოდეს. ასე არ ხდება. ეს დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯია. ჩვენ ამ კანონპროექტში ყველა ის კრიტერიუმი გვაქვს გადმოტანილი, რომელიც მოცემულია უკრაინულ მოდელში. ამ კრიტერიუმებით საუბარია მედიაზე გავლენაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენაზე, ასევე, საუბარია მონოპოლისტურ საქმიანობაზე და საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე.

ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამი საკმარისია, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული. უკრაინა საპრეზიდენტო ქვეყანაა და პირების ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ჩვენს პროექტში ერთადერთი ობიექტური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასეთ ოფიციალურ უწყებად შემოთავაზებული გვაქვს პარლამენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.