„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოქალაქის გატაცება მოხდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში დავით ქაცარავამ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ოკუპანტებმა მათ მიერვე დაწესებული ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და ჩვენს მოქალაქეს ჩაუსაფრდნენ.
„ამ ეტაპზე ვიცით დაახლოებითი ადგილი, საიდანაც მოხდა გატაცება. ეს არის ერგნეთის მიმდებარე ტერიტორია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქის დაკავება მოხდა ოკუპირებული ტერიტორიიდან, თუმცა ძალიან რთულია ვირწმუნოთ ეს განცხადება. ერგნეთის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ კილომეტრზე არის საოკუპაციო ღობე, რომელიც გადასაკვეთად საკმაოდ რთულია.
ამიტომ შეგვიძლია ჯერჯერობით ვივარაუდოთ, რომ გატაცება კვლავ ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. რუსებმა გადმოკვეთეს მათ მიერვე დაწესებული საოკუპაციო ხაზი, ჩაუსაფრდნენ ჩვენს მოქალაქეს და წაიყვანეს. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამწუხაროდ ოკუპანტები ჩვენი ტერიტორიების ორივე ნაწილში, როგორც ოკუპირებულში ასევე არაოკუპირებულში, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს“ – განაცხადა დავით ქაცარავამ გადაცემაში „დღის თემა.“
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უკანონო დაკავება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. რაც შეეხება ოკუპანტების მიერ გუშინ გატაცებულ გიორგი მეგრელიშვილს, ის დღის მეორე ნახევარში გაათავისუფლეს და უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.