ფართომასშტაბიანი აქციები, რომელსაც ოპოზიცია უკვე მეორე კვირაა აანონსებს, დროებით გადაიდო.
გადაწყვეტილების შესახებ, ცოტა ხნის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, აქცია გაიმართება ხვალ, მორიგი საპროტესტო გამოსვლები კი გადაიდება იმ დრომდე, სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ სურთ, დაანონსებული აქციები მხარეებს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდეს.
“იმისთვის, რომ ხელისუფლებას დამატებითი საფუძველი და მიზეზი არ მივცეთ, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე ან მოლაპარაკება ჩაშალოს, ოპოზიციამ გადავწყვიტეთ დაგეგმილი აქციები დროებით გადავდოთ, ვიდრე მოლაპარაკების პროცესის ვადა არ დასრულდება, რაც 16 მარტამდეა განსაზღვრული.
ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სპეციფიკური ვითარება აქვს, რადგან თავმჯდომარეა დაჭერილი და შეუძლიათ აქციები ჩაატარონ იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან და პოლიციასთან არ მოვიდნენ შეხებაში. ხვალინდელი აქცია იქნება, ამის შემდეგ რა აქციებიც იყო დაგეგმილი, გადაიდო”. – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ ელოდებიან მოლაპარაკებების შედეგებს.