პრესტიჟული ჯილდოს, ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა ვინაობა უკვე ცნობილია. 2019 წლის საუკეთესო დრამის ტიტულის მოსაპოვებლად მარტინ სკორსეზეს ,,ირლანდიელთან” ერთად ტოდ ფილიპსის ,,ჯოკერი”, ნოა ბაუმბახის ,,ქორწინების ისტორია“, ფერნანდო მეირელესის ,,ორი პაპი” და სემ მენდესის ,,1917” იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში Netflix-ის სამი წარმომადგენელია ,,ირლანდიელის”, ,,ქორწინების ისტორიის” და ,,ორი პაპის” სახით. ბუნებრივია გასაკვირი არ არის, რომ კინოკრიტიკოსების აზრით, ხუთივე ფილმს საკმაოდ მაღალი შანსი აქვს, “ოსკარის” ნომინაციაც მოიპოვოს.

მაშ ასე, გადავხედოთ “ოქროს გლობუსის” რჩეულებს:

,,ირლანდიელი” /  The Irishman

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე

დისტრიბუტორი: Netflix

სკორსეზე. დე ნირო. პაჩინო. პეში.

ცხადია, შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ რომ ფილმი, რომელიც მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, ბევრ ჯილდოს მიიღებს. ოქროს გლობუსზე ნომინირებულ „ირლანდიელს“ კინოკრიტიკოსები და ექსპერტები „ოსკარზე“ ნომინირებასაც უწინასწარმეტყველებენ.

„ირლანდიელი“ ეპიკური კრიმინალური დრამაა, რომელიც 2004 წელს გამოცემულ წიგნს, სახელად „ I Heard You Paint Houses”-ს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირი დაქირავებული მკვლელი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ფრენკ შირანი, მეტსახელად „ირლანდიელია“(რობერტ დე ნირო) , რომელიც მაფიის ბოსის, რასელ ბუფალინოს (ჯო პეში) დავალებებს  ასრულებს. ალ პაჩინო ფილმში ამერიკის პროფკავშირების პრეზიდენტის, ჯიმი ჰოფას როლში გვევლინება, რომელიც 1975 წელს უკვალოდ გაქრა .

,,ჯოკერი / Joker 

რეჟისორი: ტოდ ფილიპსი

დისტრიბუტორი: Warner Bros. Pictures

DC-ის ყველაზე პოპულარული და საინტერესო ვილენი ტოდ ფილიპსმა და ხოაკინ ფენიქსმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და რაც მთავარია, სრულიად სხვა კუთხით დაანახეს მაყურებელს. ხოაკინ ფენიქსს ამ პერფორმანსისათვის ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ოსკარს უწინასწარმეტყველებს.იგი „ოქროს გლობუსზე“ დრამაში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვისაცაა ნომინირებული, თავად ფილმი კი ერთ-ერთია „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთაგან.

„ჯოკერი“ ართურ ფლეკის ისტორიაა. დეპრესიული, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის, რომელიც საზოგადოებამ გარიყა და დაუნდობელ დამნაშავედ აქცია. აღსანიშნავია, რომ  ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა.

,,ქორწინების ისტორია/ Marriage Story 

რეჟისორი: ნოა ბაუმბახი

დისტრიბუტორი: Netflix

ნოა ბაუმბახის დრამედია (დრამა-კომედია)  ”ქორწინების ისტორია“ ნიკოლ (სკარლეტ იოჰანსონი) და ჩარლი ბარბერების ( ადამ დრაივერი) ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც განქორწინების პროცესს გადიან. მათი ადვოკატების როლებს ფილმში ლაურა დერნი და ალან ალდა ასრულებენ. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც კრიტიკოსების, ასევე ფანების მხრიდან. ბევრი ექსპერტის აზრით, „ქორწინების ისტორია“ ნომინაციას „ოქროს გლობუსის“ გარდა „ ოსკარზეც“ მიიღებს. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით კი შესაძლოა იგი წლის ფილმადაც დასახელდეს.

 

ორი პაპი“ / The Two Popes 

რეჟისორი: ფერნანდო მეირელესი

დისტრიბუტორი: Netflix

ოსკარის ნომინანტმა სცენარისტმა ენტონი მაკკარტენმა („ყველაფრის თეორია“) სცენარი ფილმისთვის „ორი პაპი“ საკუთარ პიესაზე, „პაპზე“ დაყრდნობით დაწერა. ბიოგრაფიული დრამედია რომის ორი პაპის, ბენედიქტ XVI-ის (ენტონი ჰოპკინსი) და ფრანცისკის (ჯონათან პრაისი) ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

1917

რეჟისორი: სემ მენდესი

დისტრიბუტორი: Univesral Pictures

სემ მენდესის საომარი დრამა ორი რიგითი ჯარისკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც პირველი მსოფლიო ომის დროს შეუსრულებელი მისია დაეკისრათ. მათ მტრის ტერიტორიის შუაგულამდე უნდა მიაღწიონ და გადასცენ შეტყობინება, რომელსაც 1600 ადამიანის და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის ძმის გადარჩენა შეუძლია სასიკვდილო მახისგან.

ფილმში მთავარ როლებს ენდრიუ სკოტი, ბენედიქტ კამბერბეტჩი და მარკ სთრონგი ასრულებენ.

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05