“ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ლელო ?
ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ – გველაპარაკა.
აღარ გვყავს. გული გაჩერდა.
ხვალ 77 წლის ხდებოდა”,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ლევან ბოკერია 1944 წელს ქუთაისში დაიბადა.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს.
1965 წლიდან მუშაობდა “თბილქალაქპროექტში”; 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს; 1989 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური გაერთიანება “საქარქპროექტის” მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრებია: ბაიკალ–ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970–1980), თბილისში გამოთვლითი ცენტრის შენობა (1983), ბანკის შენობათა კომპლექსი (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.