სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ [USAID] შესაბამისი განმარტებები გააკეთოს:
„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის.
სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში.
აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც „ისფედის“ მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო. გავარკვიეთ, რომ „ისფედის“ ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს.
დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო.
გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება მოახდინონ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.