LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას – შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიში

135
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო, სამჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ – მინისტრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აქტიურად ასრულებდა საზედამხედველო საქმიანობას მთავრობის წევრებისა და სხვა საჯარო ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმით, დებატების გამართვითა და კომიტეტების მუშაობის გზით.

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით:

  • 2022 წელს განხორციელდა პარლამენტის თავმჯდომარის 18 საგარეო ვიზიტი
  • საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე შესასრულებლად:შექმნა 9 სამუშაო ჯგუფი, გაიმართა 60-მდე სამუშაო შეხვედრა
  • 2022 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის: 56 პლენარული სხდომა, მოხდა 26 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება
  • 2022 წელს საქართველოს პარლამენტში გაიმართა: 7 ინტერპელაცია, 12 მინისტრის საათი, 20 ანგარიშვალდებული ოფიციალური პირის მოსმენა, ჩატარდა 12 საკომიტეტო მოკვლევა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2022 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო აგრძელებდა მუშაობას ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს პარლამენტმა მიიღო 298 კანონი და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

„ახალი კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლას, ქმნის ბევრ ახალ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობის, განათლების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა სექტორებში. საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“, რომლის მიხედვითაც გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშნავს ამ მიმართულებებით უკეთეს პირობებს, უკეთეს სტანდარტებს, უფრო მაღალ ხარისხსა და უკეთეს ხელმისაწვდომობას. ასევე, მივიღეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.

აღნიშნული საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ ყველას, განსაკუთრებით კი დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ მნიშვნელოვნად შემცირებული საბანკო ხარჯებით გადარიცხვების განხორციელება. საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუმჯობესდება დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე დასაქმებული მშობლების და მათი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 2023 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა და გახდა 2000 ლარი,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი იყო. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც მან აღნიშნა რუსეთის აგრესია საქართველოსთვის არ არის უცხო.

„2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი გახლდათ. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეიწირა, საფრთხე შეუქმნა მსოფლიო უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურასა და საერთაშორისო წესრიგს, გამოიწვია გლობალური არასტაბილურობა, სურსათისა და ენერგო კრიზისები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია ჩვენთვის უცხო ან მოულოდნელი ვერ იქნებოდა, საქართველოსთვის, როგორც ამ რეგიონის წევრი ქვეყნისთვის, მაინც განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ამ მასშტაბის დაპირისპირება.

ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს – უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერა, ისე უპირველეს ყოვლისა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი კრიზისებისგან ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა. ვფიქრობ, ამ რთულ ამოცანას, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმაც წარმატებით გავართვით თავი და მოსახლეობა დააფასებს ამ ძალისხმევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პოლარიზაციის საკითხზეც. როგორც მან აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა.

„ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, მაგრამ პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა..

სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს, ეს ის რეალური გამოწვევაა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს – პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულება ის ცარიელი სკამებია, რომლებსაც დღეს ჩვენ  ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს.

ამ სიტუაციიდან არსებობს ერთი კარგი გამოსავალი – დერადიკალიზაცია,  ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთადერთი გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

magti 5g