საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე „ახალგაზრდები გამოიყენეს და „მოლოტოვის კოქტეილები“ ასროლინეს“. პრემიერის თქმით, მათ „ჩათები“ გახსნეს და ინფორმაციები აქვთ. ოპოზიციის კითხვაზე, თუ ვისი „ჩათები“ გახსნეს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მათი საქმე არ არის.
„ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, „ფრანკლინის კლუბი“ დაარქვეს და ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი – „კმარას“ კლუბი და დაარქვეს „ფრანკლინის კლუბი“ , რომ ახალგაზრდას ასოციაცია გაუჩნდეს ამერიკასთან და ბენჟამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო და სიცრუე, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა, რადგან მანდ არაფერი ხელმოსაჭიდი სიმართლე არ იყო. სად არის დღეს „ფრანკლინის კლუბი“, სად არის დღეს თქვენი ანარქისტული ორგანიზაციები, რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ ეს ახალგაზრდები. ხომ ვიცით, რომ გამოიყენეს ახალგაზრდები, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები – ჩვენ „ჩათები“ გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი არ ვიცით?! ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას. თქვენი საქმე არ არის ვისი „ჩათები“ გავხსენით, ახლა ვითომ რაღაც საინტერესო ფაქტი დამიჭირა. წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 29 მარტს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზეც ისაუბრა, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „პოლიციას პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა [ლაზარე გრიგორიადისი] – ვერავინ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს – ჩვენ ქაოსს და ანარქიას არ დავუშვებთ“.
„ახსენეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მე ვიღაცა თმის ფერის გამო გავაკრიტიკე. მთავარი მინდა გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი, საერთოდ. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე სახელმწიფო დაუნდობელი და უკომპრომისო იქნება,ყველამ დაიმახსოვრეთ. არავის არც თმის ფერი და არაფერი მაინტერესებს. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ, აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო ვიქნები. ასეთ რაღაცას არავის ვაპატიებთ. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ! ახლა, გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც პოლიციაზე ხელს აღმართავს. რა შუაშია თმის ფერი, რა შუაშია ვინმეს ორიენტაცია. ჩვენ ეს ამ კონტექსტში არასდროს გვითქვამს. აქ სხვები რამდენჯერმე გამოვიდნენ და თქვეს, რომ სატანისტები უძახა ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ. რამდენიმე ახალგაზრდა-მეთქი, ჩემი ინტერვიუ ამოწიეთ და სიტყვას გაძლევთ,რომ ასე იყო, მე მართლა დავინახე და გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან. ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რაღაც გაუგებარი ფორმებით და ა.შ. გავარკვიეთ, რომ არსებობს ასეთი სექტები და გარკვეული ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები, ასე დავარქვათ, მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდა შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. არავინ არ მაინტერესებს, საერთოდ. მე მთავარი გითხარით და ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ქაოსს და ანარქიას არ დავუშვებთ. ახალგაზრდების ეს ჯგუფი დიდი ალბათობით არიან შეცდენილები. გამოიყენეს და რა მოხდა, აბა მითხარით. გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება ბოლომდე გაგრძელდება. ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს. ვინმეს არაფრის ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო. სხვა მოტივაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. დისკრიმინაციული მიდგომა არცერთი მოქალაქის მიმართ ჩვენ არ გვაქვს, მითუმეტეს რატომ უნდა გვქონდეს დისკრიმინაციული მიდგომა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, გამაგებინეთ უბრალოდ, მაშინ, სად არის ლოგიკა და სამართალი?“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.