LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის საელჩოსთან გაუთავებელი რიგებია, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში არა იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა უყვართ, არამედ სოციალური გაჭირვების გამო – მალგოჟატა გოშევსკა

63
BeFunky-collage (1)

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟეტა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან საპატიმრო დაწესებულებაში ნახვის უფლება არ მიეცა.

მალგოჟეტა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია.

„მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი და პატიმრობაში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა იმის საშუალება, რომ მენახა რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ეს განმიმარტეს, რომ მე არ ვარ ოჯახის წევრი, არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ, რომ წინა წლებში არაერთხელ მომინახულებია ქართველი პოლიტიკური პატიმრები და არ შემქმნია ამაზე პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლონურმა სახელმწიფომ არაერთხელ შესთავაზა ქართულ მხარეს ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლონეთში სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე“,-განაცხადა გოშევსკამ.

მისივე სიტყვებით, “პოლონეთის საელჩოსთან  გაუთავებელი რიგებია, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში არა იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა უყვართ, არამედ სოციალური გაჭირვების გამო”.

როგორც მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნა, ის ვერ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სოციალური პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული.

„ზოგადად მე ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევ ჩვეულებრივ, საშუალო დონის ადამიანის ცხოვრებას და მდგომარეობას საქართველოში, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა. პოლონეთში ჩემი პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავდაპირველად ორიენტირებული იყო ზუსტად იმაზე, რომ გადაეჭრა სოციალური პრობლემები, გაეტარებინა კონკრეტული სოციალური პროგრამები და ამას საქართველოს ხელისუფლების მაგალითზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ეს აქ არ ჩანს და ამაზე თუნდაც ისიც მოწმობს, რომ პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პოლონეთი უყვართ და იქ უნდათ ყოფნა, არამედ სოციალური გაჭირვების გამო. რიგებია, რასაც ვაკვირდებით“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

მისივე შეფასებით, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ფიქციად არის ქცეული, რადგან ის არ ეხება იმ ადამიანს, რომელიც საქართველოში უმთავრეს გადაწყვეტილებებს იღებს.

„თქვენც შესანიშნავად იცით და ამას დიდი განმარტება არ სჭირდება, ვინ მართავს დღეს საქართველოს, ვინ იღებს ყველაზე მნიშვნელოვან, საკვანძო გადაწყვეტილებებს – ასევე ის, რომ არანაირი სანქცია არ დაუწესდა რუსეთის ფედერაციას, ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის უამრავი მოქალაქე დადის საქართველოში და ისმის რუსული საუბარი ყველა ქუჩაზე, ამას დიდი განმარტება არ სჭირდება.

ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს შიდა პროცესებს, თუ როგორ მიდის ეს პროცესი, როგორი დამოკიდებულება არსებობს ოპოზიციასთან მიმართებაში და ამ პრიზმაში ვუყურებთ საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. ჩვენ გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, თუ რა სურს ქართულ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას კი სურს დასავლური ოჯახის წევრად ყოფნა“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

ევროკავშირის მიერ გამოცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციებზე საუბრისას მალგოჟატა გოშევსკამ აღნიშნა: „ამ 12 პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ფიქციად არის ქცეული იმიტომ, რომ ის არ ეხება იმ ადამიანს, რომელიც საქართველოში უმთავრეს გადაწყვეტილებებს იღებს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადევნებს თუ არა თვალს საქართველოში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის კანონში დავით კეზერაშვილის მოქცევას და რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნისთვის კრიტიკული მედიის არსებობა, გოშევსკამ ასე უპასუხა: „ვშიშობ, რომ იმ დიაგნოზში, რაც თქვენ დასვით, დიდი სიმართლეა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები