არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პარტია “ქართულ ოცნებაში” ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ცესკოს მიერ უბნების უმრავლესობა უკვე დათვლილია და “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გამარჯვებულია.
კობახიძის განცხადებით, პარტიამ პროპორციული სიით საბოლოო ჯამში 48.36% მიიღო, ხოლო მაჟორიტარული კანდიდატების შედეგების მიხედვით 14 კანდიდატმა გაიმარჯვა. მისივე ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” მომავალ პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ მანდატების 92-მდე ზრდას ვარაუდობს.
“ცესკოს მიერ დათვლილია 7 ათასზე მეტი უბნის მონაცემები, ამ მონაცემების მიხედვით “ქართული ოცნების” შედეგი 48,36%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროპორციული სისტემით, ბარიერვერგადალახული პარტიების გამოკლებით, “ქართული ოცნების” შედეგი იქნებოდა 52%. მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ფორმულას, რომელიც კანონით არის განსაზღვრული, ცესკოს ამ დროისათვის არსებული მონაცემებით და დათვლილია 3 ათასზე მეტი უბნის მონაცემები და სავარაუდოდ აღარც შეიცვლება, “ქართულ ოცნებას” მიღებული აქვს 62 მანდატი.
14 კანდიდატს მოგებულია აქვს მაჟორიტარული არჩევნები. გრძელდება დათვლა.
“ქართულ ოცნებას” 76 მანდატი გარანტირებული აქვს და ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირველ ტურში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, აბსოლუტური უმრავლესობა და “ქართული ოცნება” ჩამოვაყალიბებთ მთავრობას.
ჩვენი მოლოდინია “ქართული ოცნების” მანდატების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და დარწმუნებული ვართ ამ 16-ვე ოლქში გამარჯვებას ჩვენ მივიღებთ. ჩვენი მანდატი 92-მდე გაიზრდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.