LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ საზოგადოებას ვთხოვ, დამიცავით! – რუსეთის მოქალაქე დახმარებას ითხოვს

76
FORTUNA.GE- (2)

“საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაურკვევია სრულიად მარტივი რამ და აპირებენ ჩემს გადაცემას პუტინის ბანდიტების საგლეჯად. მათ სურთ ჩემი საცოდავი ცოლი, ლარისა, რომელთან ერთადაც 40 წელი სიყვარულსა და ჰარმონიაში ვიცხოვრე, დატოვონ მარტოობასა და მწუხარებაში. ვთხოვ უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან”. – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელიც რუსეთის მოქალაქეს, ლექსანდრ ბანდიუკოვს ეკუთვნის.

ბანდიუკოვი ადგილობრივი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა. 2018 წელს მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში საქმე აღიძრა. უსამართლო დევნის გამო კი ბანდუკოვმა ქვეყანა დატოვა, ჩამოვიდა საქართველოში და საერთაშორისო დაცვის სტატუსი ითხოვა.

როგორც EMC წერს, ორგანიზაცია მიმართვას მისივე თხოვნით ავრცელებს, რადგან ბანდიუკოვი ამჟამად საავადმყოფოშია და თავის საქმეზე საჯარო პოზიციონირება არ შეუძლია.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, მე, ალექსანდრე ბანდიუკოვი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პუტინის ბანდიტების დევნას გამოქცეული, 2018 წლის 14 სექტემბერს ოჯახთან ერთად ჩამოვედი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მისაღებად. ამ ხნის განმავლობაში მე შემიყვარდა საქართველო და მისი თბილი, ლამაზი და გულღია ხალხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალო ადამიანებისგან არც ერთი ცუდი სიტყვა არ მსმენია. გარშემომყოფნი, მეზობლები და მეგობრები, მხოლოდ სითბოს მაგრძნობინებდნენ, თანამიგრძნობდნენ და მეხმარებოდნენ.

მე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის მისაღებად, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარული სტატუსი მომენიჭა. ახლა კი მათ ის უკანონოდ, დაუმსახურებლად და ცინიკურად ჩამომართვეს. მე წარმოვადგინე ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ჩემ მიმართ დევნას რუსეთის ფედერაციაში, მთლიანად დავკარგე ჯანმრთელობა განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის სამარტოო საკანში ყოფნისას. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ხელისუფლებამ, კერძოდ ინტერპოლმა, ამომშალა ძებნილთა სიიდან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავხედური გაყალბების გამო. ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მე უკვე თავისუფალი ვიქნებოდი.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაურკვევია სრულიად მარტივი რამ და აპირებენ ჩემს გადაცემას პუტინის ბანდიტების საგლეჯად. მათ სურთ ჩემი საცოდავი ცოლი, ლარისა, რომელთან ერთადაც 40 წელი სიყვარულსა და ჰარმონიაში ვიცხოვრე, დატოვონ მარტოობასა და მწუხარებაში. ვთხოვ უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან.

მე ბევრი რამ მაქვს ქართველი საზოგადოებისათვის საჩვენებელი. თითქმის ორი წელი ვიბრძოდი რუსეთში, შემდეგ კი ამდენივე ხანს საქართველოში. როდესაც მივხვდი, რომ დიდი საფრთხე მემუქრება, საჩივარი შევიტანე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგი) და ჩემი საჩივარი მიიღეს მხოლოდ 4 დღეში. მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით.

პატივისცემითა და იმედით, ალექსანდრ ბანდიუკოვი.” – წერია მიმართვაში.

როგორც EMC-ში აცხადებენ, 2021 წლის 17 იანვარს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსი არ გაუგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა, არ შეცვლილა და პირიქით გაუარესდა.

მიგრაციის დეპარტამენტმა მისი სასიცოცხლო ინტერესები არ გაითვალისწინა და ალექსანდრ ბანდიუკოვი ექსტრადიციის რისკის წინაშე დააყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესადაა დამძიმებული.

საქმესთან დაკავშირებით EMC-ის ვრცელ შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე ➤ https://bit.ly/3qihzMH

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები