LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა აქტიური მოგზაურობა ისევ დაიწყეს – წელს ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთში შედგა

130
111236

2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216.2 ათასი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3.7-ჯერ მეტია.

საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 144.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 164.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 47.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41.4 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (31.2 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა შედგა თურქეთსა და რუსეთში, შესაბამისად, 102.8 ათასი და 26.3 ათასი ვიზიტი.

2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 318.8 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები