მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალთა მიმართ ძალადობაზე და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე წერს. მისი განცხადებით, „ძველი თაობის ქართველი კაცების უდიდესი ნაწილი ვერ იტანს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქალებს“.
მისი განმარტებით, „კარგ საზოგადოებად მხოლოდ მაშინ ჩამოვყალიბდებით, როცა ქალები ბოლომდე გათავისუფლდებიან, თვითონ გადაწყვეტენ, რა ჩაიცვან, სად იარონ, რა პროფესია აირჩიონ და სად ისწავლონ, ვისთან და როგორ იცხოვრონ, ხოლო საუკეთესო საზოგადოება კი მაშინ ვიქნებით, როდესაც ამ თემებზე საერთოდ აღარ მოგვიწევს საუბარი“.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„14 წლის გოგონა ზრდასრულმა მამაკაცმა გააუპატიურა…
ამ სიტყვების წაკითხვა და მოსმენაც კი უდიდესი ტრაგედიაა და ამ დროს, როგორ მოიქცა გოგონას მამა? როგორ და, იმის მაგივრად, სასწრაფოდ პოლიციაში წასულიყო და დაეწყო დამნაშავის ძებნა, ადგა და სახლში დაბრუნებული, განადგურებული და შოკურ მდგომარეობაში მყოფი საკუთარი შვილი, ცემა. ალბათ იმიტომ, რომ მასაც, როგორც კაცების დიდ ნაწილს ჩვენს ქვეყანაში, მიაჩნია, რომ ყველაფერში დამნაშავე ქალია. გცემეს? ღირსი იქნებოდი! მოკლე კაბა გეცვა? ლამაზი ხარ? კაცს მოსწონხარ? შენი ბრალია!
ასეა, ასე ვცხოვრობთ და ასე ვიზრდებით. ქალებს ყოველთვის მეტ მორალურ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, კაცების დანაშაულს კი ყოველთვის მათ ბუნებას ვაბრალებთ. არადა, ძალიან მარტივია: ძალადობა ძალადობაა და დამნაშავე ყოველთვის ისაა, ვინც ძალადობს და არ არსებობს არანაირი მაგრამ.
იცით რომ დღესაც გვიწევს ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ კაცს არ აქვს უფლება შეეხოს ქალს, თუ მისგან თანხმობა არ აქვს მიღებული? ხომ დაუჯერებლად ჟღერს, არა? მაგრამ ასეა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში კიდევ არსებობენ ისეთი კაცები, რომლებიც, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება; რომ თუ ქალს აკოცე და ის გეწინააღმდეგება, ეგ არ ნიშნავს, რომ უარს გეუბნება. ქალია რა, მაგათი „არა“, ხო იცი, „კი“-ს ნიშნავს. რომ ღამე, ქუჩაში, მოკლე კაბით თუ დადის ქალი, ე.ი. სექსი უნდა და თანაც – მაინცდამაინც შენთან, უცნობ ადამიანთან; და თუ ასეთ დროს, შიშით ხმას ვერ იღებს, დამნაშავე, რაღა თქმა უნდა, ისევ ის არის.
დრო გადის და ჩვენი რეალობაც, ძალიან ნელი ტემპით, თუმცა – მაინც იცვლება. ქალებიც სულ უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობენ პრობლემებზე, უსამართლობებზე, მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.
ეს კი, რა თქმა უნდა, კაცების ძალიან დიდ ნაწილს სულაც არ ეხატება გულზე. რთულია შენს ცხოველურ ინსტინქტებზე მორგებული წესრიგის დანგრევა.
გიფიქრიათ, გასული საუკუნის განმავლობაში, რამდენ მოძალადეს შერჩენია ჩადენილი დანაშაული რაღაც გაურკვეველი ტრადიციების სახელით, რომელიც სინამდვილეში, სხვა არაფერია, თუ არა ქალების ჩაგვრისთვის მოფიქრებული ადათ-წესები?
სწორედ ამიტომ არის, რომ ძველი თაობის ქართველი კაცების უდიდესი ნაწილი ვერ იტანს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქალებს.
მათ დროს ასე არ იყო, ქალს არავინ არაფერს ეკითხებოდა. მოეწონებოდათ ვინმე, მოტყუებით ჩაისვამდნენ მანქანაში, ქალაქგარეთ გაიყვანდნენ და იქიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, პირდაპირ სახლში მიყავდათ, ცოლის სტატუსით. ქალს რა სურდა, რა გეგმები ჰქონდა, არავის აინტერესებდა. სწორედ ამიტომ ვერ იტანენ ძველი თაობის ქართველი კაცები თავისუფალ ქალებს: დღეს ისინი თვითონ წყვეტენ ვის ჩაუსხდნენ მანქანაში.
ახალი თაობის ქართველი კაცების ძალიან დიდი ნაწილიც ვერ იტანს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქალებს.
რეალობა შეიცვალა, ქალები თვითონ წყვეტენ როგორ იცხოვრონ, სად ისწავლონ, სად იმუშაონ. მათი არჩევანია, მარტო იცხოვრებენ თუ ოჯახს შექმნიან და შვილებს გააჩენენ. ახალი თაობის ქართველი კაცი უყურებს ძველი თაობის ქართველ კაცს, რომელსაც ეს ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდა: ის ერთპიროვნულად წყვეტდა, ვის მოიყვანდა ცოლად და ასევე ერთპიროვნულად წყვეტდა, რა ცხოვრებით იცხოვრებდა მისი ცოლი: სად ისწავლიდა ან – არ ისწავლიდა, სად იმუშავებდა ან – არ იმუშავებდა, რამდენი შვილი ეყოლებოდა ოჯახს და ა.შ. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის ქართველი კაცების დიდ ნაწილს შურს ძველი თაობის ქართველი კაცებისა. ამას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა ვერავინ იტყვის. ქალებს ვერ ვაკონტროლებთო, ხომ ვერ ეტყვიან მამებს შვილები? შედეგად, გულში ჩადებული ბრაზისა და შურიდან, მოდის ზიზღი – თავისუფალი ქალების ზიზღი.
ახლა, ისე მარტივად აღარაა, მანქანა გააჩერო, შენი რჩეული ქალი მოტყუებით გაიყვანო ქალაქგარეთ და მერე, მთელი ცხოვრება დაუგეგმო. ახლა მაგაზე ციხეა. მახსოვს, ერთ-ერთ სოფელში სკანდალი ატყდა: ერთმა კაცმა ერთი ახალგაზრდა გოგო მოიტაცა. იმ გოგომ კი უჩივლა და ეს კაცი ციხეში ჩაჯდა. 2000-ების ბოლო იყო. სოფელი გოგოს ამტყუნებდა, როგორ დაუნგრია ცხოვრებაო. გატაცება და გაუპატიურება არავის ადარდებდა.
საბედნიეროდ, ახალი თაობის ქართველი ქალები, სულ უფრო და უფრო მეტად ხდებიან თავისუფლები და სულ უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობენ უსამართლობაზე, ძალადობაზე.
მართალია, დღეს, ისევ გვიწევს ვიღაცებისთვის იმის ახსნა, რომ თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა, თუმცა რას ვიზამთ: არ უნდა დავიღალოთ და იქამდე უნდა ვიმეოროთ ეს ჭეშმარიტება, სანამ ყველა არ გაითავისებს და სანამ ერთხმად არ შევთანხმდებით, რომ დიახ, თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა.
კარგ საზოგადოებად მხოლოდ მაშინ ჩამოყვალიბდებით, როცა ქალები ბოლომდე გათავისულდებიან, როცა ბოლომდე თვითონ გადაწყვეტენ, რა ჩაიცვან, სად იარონ, რა პროფესია აირჩიონ და სად ისწავლონ, ვისთან იცხოვრონ და როგორ იცხოვრონ.
საუკეთესო საზოგადოება კი მაშინ გავხდებით, როცა ამ თემებზე საერთოდ აღარ მოგვიწევს ფიქრი და საუბარი. როცა ყველა ისე იცხოვრებს, როგორც უნდა და არავის აღარ დააინტერესებს სხვა ადამიანების ცხოვრების წესი და არჩევანი.
და როცა სახლში დაბრუნებულ, გაუპატიურებულ არასწრულწლოვან შვილს, მამა უსიტყვოდ ჩაეხუტება და აგრძნობინებს, რომ სიცოცხლის ბოლომდე დაიცავს მის სიმართლეს, რადგან, ძალადობის დროს, მსხვერპლი არასდროს არის დამნაშავე“, – წერს მებო ნუცუბიძე.