საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყნის პირველი პირების ოჯახის და მათი შვილების მიმართ, ყოველთვის მაღალია. ისინი მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობენ პოლიტიკური ცხოვრების ქარცეცხლს შვილები მოარიდონ, ისინი ძალაუნებურად მაინც ჩართული არიან მიმდინარე პროცესებში. პრეზიდენტის შვილი ასოცირდება იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა, ისწავლოს საუკეთესო სასწავლო დაწესებულებებში, გაერთოს სადაც უნდა და როგორც უნდა, იმოგზაუროს პრეზიდენტ მშობელთან, იცხოვროს რეზიდენციაში, ყავდეს დაცვა და ასე შემდეგ, თუმცა უფრო მეტი შეზღუდვები აქვთ ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის შვილებს. მათი ერთი არასწორი და ზედმეტი სიტყვა ან მიმიკა შეიძლება საზოგადო განხილვის საკითხი გახდეს, გაატარონ წნეხში და რაც „ჩაუდენია“ იმის გარდა ათას ამბავს მიაწერენ.

პრეზიდენტის შვილობა – ტვირთი თუ უპირატესობა?

საქართველოს დამოუკიდებლი რესპუბლიკის გამოცხადების დღიდან,  დღევანდელის ჩათვლით, 5 პრეზიდენტი ჰყავდა. ყველას ოჯახი და შვილები ჰყავ(და)თ, ზოგი მეორედ დაოჯახებული, ზოგს კი მრავალშვილიანი მშობელი ერქვა. ქართველი პრეზიდენტების ჩამონათვალში, თანმიმდევრობის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია (1991-1992 წწ.)

 

ზვიად გამსახურდიას შვილები

საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამი შვილი ჰყავს: კონსტანტინე (პირველი ქორწინებიდან), ცოტნე და გიორგი (მეორე ქორწინებიდან).

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას სახელი ბაბუის, კონსტანტინე გამსახურდიას საპატივსაცემოდ დაარქვეს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ზვიად გამსახურდიას გადადგომის და „თბილისის ომის” შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში და თარგმანებითა და ლიტერატურისმცოდნეობით იყო დაკავებული. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და დააარსა მოძრაობა „თავისუფლება”. კოკო გამსახურდია დღემდე მეტ-ნაკლებად ჩართულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხშირად კითხულობს საჯარო ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ გამოსვლებშიც იღებდა მონაწილეობას.  მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. მან თავის უფროს შვილს ზვიადი დაარქვა და ასე გააგრძელა ოჯახის ტრადიცია.

ზვიად გამსახურდიას მეორე შვილი ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტის დევნილობის დროს, ჩეჩნეთში დაიბადა. შემდეგ მოსკოვში იცხოვრა და განათლებაც იქვე მიიღო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა ბათუმში და იყო ბათუმის მერის თანაშემწე. ცოტნეს მართლმსაჯულებასთან რამდენიმე უსიამოვნო მოგონება აკავშირებს. პირველი იყო ადამიანის დაჭრა, თუმცა საქმე მალევე დაიხურა. მეორე შემთხვევა მოხდა 2009 წლის ოქტომბერში, როდესაც ის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წელს ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის მესამე შვილს, გიორგი საჯარო ცხოვრებას ერიდება და საზოგადოებაშიც იშვიათად ჩნდება.

 

ედუარდ შევარდნაძის შვილები

საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს (1995-2003 წწ.) ორი შვილი დარჩა – პაატა და მანანა. პაატა შევარდნაძე იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. 2003 წლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა პარიზში და ამ დრომდე ბიზნესით არის დაკავებული.

ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილი მანანა შევარდნაძე ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიის ხელმძღვანელია. მანანა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ იგი საჯარო ცხოვრებაში ნაკლებად ჩნდება. მანანა შევარდნაძე სარეკლამო კომპანიის „ნეოსტუდიოს” დამფუძნებელია. პრეზიდენტის შვილებმა მშობლის გზა არ აირჩიეს. პოლიტიკით ერც ერთი მათგანი არ არის დაკავებული. საჯაროდ საზოგადოებაში იშვიათად ჩანან.

 

მიხეილ სააკაშვილის შვილები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (2004-2013 წწ.) ყველაზე ახალგაზრდა, 36 წლის ქვეყნის ლიდერი იყო. სააკაშვილი ორი შვილის ედუარდის და ნიკოლოზის მამაა.

საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, 15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა. სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, სადაც სწავლის ქულების შეფასებით, 380 კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა. ედუარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის National Public Radio-სთან. მან მამის მსგავსად, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე იქორწინა, თუმცა ახალი რძალი დედამთილის გზას მიჰყვება და ქართულ ენას შეძლებისდაგვარად სწავლობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის შვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აპირებდა, თუმცა ედუარდი მალევე გამოეხმაურა გავრცელებულ ამბავს და პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა უარყო.

სააკაშვილის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი ჯერ სკოლის მოსწავლეა. მედიისთვის ნიკოლოზი რამდენჯერმე გახდა აქტუალური თემის მიზეზი. ის უკრაინის აეროპორტში 3 საათის განმავლობაში დაკავებული იყო, მისი გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხმაურიანი გამოსვლების და მოთხოვნების შემდეგ მოახერხა. თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, რომ ბავშვის დაკავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკრაინაში ჩამოფრენის შემდეგ არავინ დახვედრია. ნიკოლოზი საზოგადოების და მედიის განხილვის საკითხი გახდა მას შემდეგაც, რაც თმა მწვანედ შეიღება. მეორედ თმა ნიდერლანდების მეფის საპატივსაცემოდ, ნარინჯისფრად შეიღება.

 

გიორგი მარგველაშვილის შვილები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს (2013-2018 წწ.) სხვადასხვა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს – ანა, თემო და თომა.
ანა მარგველაშვილი გათხოვილია, მას ქალიშვილი ანასტასია ჰყავს. ის ერიდება ტელეკამერების წინ გამოჩენას. პრეზიდენტის ქალიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტში მოექცა მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავეს. ანამ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში მომავალში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა. მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ქონდა. აქტიურად იყო ჩართული უმცროსი ძმის მოვლის საქმეში. დღემდე მამა-შვილი ერთად ჩნდებიან სხადასხვა წვეულებებსა და დღესასწაულებზე.

მეოთხე პრეზიდენტის  შვილები მეორე ქორწინებიდან თემო და თომა ჯერ მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ორივე ვაჟი მას პრეზიდენტობის დროს გაუჩნდა.

 

სალომე ზურაბიშვილის შვილები

დღეს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.  ქალ­ბა­ტო­ნ პრეზიდენტს ქალ-ვაჟი, ქე­თე­ვა­ნი და თე­მუ­რი ჰყავს. ისინი საფ­რან­გეთ­ში დაიბადნენ და პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­დნენ. იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მათი დედა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახში. ცნო­ბი­ლია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვილ­თაშ­ვი­ლია, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის მოღ­ვა­წის, წლე­ბის განმავლობაში საფ­რან­გე­თის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლი. სა­ლო­მე ზურაბიშვილს შვი­ლე­ბი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან შე­ე­ძი­ნა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ისინი დედას მხარდაჭერას უცხადებდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში. საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაცია, თუმცა ზურაბიშვილის ვაჟისთვის ეს წინაღობა პრობლემა არ გამხდარა. ის აქტიურად ჩაერთო დედის გაპრეზიდენტების საქმეში და შეხვედრებზე დებატებს არ ერიდებოდა. მან ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის შვილის პირდაპირ ეთერში დებატებზე გამოიწვია, თუმცა დაპირებული შეხვედრა არ შემდგარა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ქალიშვილს, ქეთევანი დედასთან ერთად ცხოვრობს და კამერების ობიექტივშიც ხშირად ჩნდება. საზღვარგარეთ ღონისძიებებს პრეზიდენტ დედასთან ერთად ესწრება, თუმცა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, პრეზიდენტის შვილების მივლინების ხარჯებს მთავრობის ბიუჯეტი არ ანაზღაურებს. მეხუთე პრეზიდენტის შვილებს განათლება უცხო ენაზე აქვთ მიღებული, თუმცა ქართულად დედაზე უფრო კარგად საუბრობენ.

მსგავსი თემები