LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქარწაღებულნი“ და სხვა „პრობლემატური“ ფილმები, რომლებსაც მალე გამაფრთხილებელი აღწერები დაემატებათ

179
Untitled design (2)

 ცოტა ხნის წინ HBO Max-მა ფილმების კატალოგიდან ამოიღო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი „ქარწაღებულნი“, რომელსაც HBO-ს ხელმძღვანელობის აზრით, მასში ასახული რასისტული რეალობის გამო კატალოგში დაბრუნებამდე სპეციალური გამართხილებელი აღწერა უნდა გაუკეთდეს იმის შესახებ, რომ „ფილმი შეიცავს რასისტული სტერეოტიპების ამსახველ მონაკვეთებს“. თუმცა პოპულარულ პორტალ Variety-ს მიაჩნია, რომ „ქარწაღებულნის“ ბედი ძალიან მალე შეიძლება არაერთმა აღიარებულმა ფილმმა გაიზიაროს. გთავაზობთ აღნიშნული ფილმების სიას.

„ბინძური ჰარი“ /Dirty Harry (1971)

ფილმი ლეიტენანტ ჰარი კალაჰანის შესახებ ძალიან იოლად შეიძლება მოხვდეს იმ ფილმების სიაში, რომლებსაც სიუჟეტის გამო დაგმობენ. სან-ფრანცისკოს პოლიციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ხომ უფრო ხშირად საკუთარ ინსტიქტებს ენდობა, ვიდრე კანონს და ზოგჯერ თავადაც არღვევს წესებს იმისათვის, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. ფილმს სასაცილოდ არ ჰყოფნის ლიბერალი მოსამართლეები, ვილანები კი პოლიციის სისასტიკეზე ჩივიან. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე გამაფრთხილებელი აღწერა ამ ფილმსაც დაემატება.

„ფორესტ გამპი“ / Forrest Gump (1994)

რობერტ ზემეკისის შედევრი, ექვსი ოსკარის მფლობელი „ფორესტ გამპი“, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს, ბევრი ჩვენთაგანისათვის საყვარელი კინოსურათია. თუმცა დღეის მდგომარეობით, იგი ადვილად შეიძლება იქნას დანახული ფილმად, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების,  შიდსით დაავადებულების და ვიეტნამის ომის ვეტერანების დისკრიმინაციას ახდენს. თუ მაძიებლები უფრო ჩაუღრმავდებიან აღმოაცენენ, რომ მთავარ გმირს, ნათან ბედფორდ ფორესტს სახელი თავისი ბაბუის, კუ-კლუქს-კლანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრის საპატივცემულოდ დაარქვეს, ეს კი ბუნებრივია სერიოზული არგუმენტი იქნება იმისათვის, რომ ფილმს რასისტული უწოდონ.

„ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი“ / Indiana Jones and the Temple of Doom (1984)

სტივენ სპილბერგი და ჯორჯ ლუკასი ყველასთვის საყვარელი რეჟისორები არიან, თუმცა „ინდიანა ჯონსის“ სერიის ამ ფილმისათვის კრიტიკას მაინც ვერ ასცდებიან. ფილმში ხომ „ეგზოტიკური“ ბოროტმოქმედები „ბნელი და პრიმიტიული უცხოელები“ არიან. კრიტიკოსების აზრით, ფილმი უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ინდოელებს და ამიტომ შესაძლებელია მას ქსენოფობიური ფილმის იარლიყი მიეკეროს.

„მე შენამდე“ / Me Before You (2016)

ფილმის შემქმნელებს კრიტიკის ქარ-ცეცხლი სიუჟეტის გამო ელით. ცენტრალური ფიგურა ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თავისი ცხოვრების სიყვარულს მას შემდეგ შეხვდა, რაც უბედური შემთხვევის შედეგად სიარულის უნარი დაკარგა. ფილმი მთავარი პერსონაჟის სუიციდით სრულდება. „ფილმში დევს მკაფიო მესიჯი იმის შესახებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრებას სიკვდილი სჯობს, ეს კი შშმ პირების დისკრიმინაციაა“. – აცხადებენ ფილმის კრიტიკოსები.

 „ერთხელ ჰოლივუდში“ / Once Upon a Time in Hollywood (2019)

კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმმა, რომეშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და მარგო რობი ასრულებენ, უკვე მოიპოვა საყოველთაო არიარება როგორც კრიტიკოსებს, ასევე მაყურებლებს შორის. თუმცა შესაძლოა „ერთხელ ჰოლივუდში“ იმ ფილმებს შორის მოხვდეს, რომელში განვითარებული მოვლენებიც სპეციალურ „გამაფრთხილებელ აღწერას“ საჭიროებენ. ფილმში, რომელიც 70-იანი წლების ჰოლივუდის რეალობას ასახავს, თითქმის არ გვხვდებიან შავკანიანები. „მექსიკელები“, როგორც მათ ფილმის პერსონაჟები უწოდებენ, მხოლოდ მძღოლები და ოფიციანტები არიან, აზიელი ვარსკვლავი ბრუს ლი კი გაშარჟებულია.

„ბავშვების საათი“ / The Children’s Hour (1961)

ლიბერალი აქტივისტის, ლილიან ჰელმანის პიესაზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლებს ოდრი ჰეპბერნი და შირლი მაკლეინი ასრულებენ. ორი მასწავლებელი თავს საშინლად გრზნობს მას შემდეგ, რაც სტუდენტები მათ ლესბოსელებად გამოაცხადებენ. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი აღიარებს, რომ მართლაც ლესბოსელია, შემდეგ კი თავს იკლავს. ფილმში მართლაც არაერთი მომენტია, რომელიც LGBT ადამიანებს არასრულფასოვან და შესაცოდ ინდივიდებად წარმოაჩენს.

„მძებნელები“ / The Searchers (1956)

ფილმში მთავარ როლს ჯონ უეინი ასრულებს, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერატების მხარეს იბრძოდა. იგი კომანჩების მიერ გატაცებული დისშვილის ძებნას იწყებს, რასაც წლები დასჭირდება. უეინის გმირი ეთან ედუარდსი რასისტია, რომელიც ადგილობრივ ამერიკელებს (ინდიელებს) ადამიანებად არ თვლის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ასახულია ერთ დროს ასახული რეალობა, კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინდიელები ზედმეტად კომიკურ ან ველურ ადამიანებად არიან წარმოჩენილნი.

„კრავთა დუმილი“ / The Silence of the Lambs (1991)

ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის შედევრი „ფსიქო“ პირველი ფილმი იყო, რომელმაც გადაცმული მკვლელის იდეა შემოიტანა კინოში. წლების განმავლობაში „ფსიქოთი“ შთაგონებული რეჟისორები მსგავს ხერხს იყენებდნენ მკვლელების „დასამალად“. ჰიჩკოკის შედევრის ბოლოს ნათქვამია, რომ ნორმან ბეიტსი „ტრანსვესტიტი“ არ არის.  ტრანსვესტიტი არც „კრავთა დუმილის“ მთავარი ანტაგონისტი ბუფალო ბილია, თუმცა საზოგადოებას ახსოვს მისი ქალური მაკიაჟი და სურვილი, ქალივით გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ ზოგ მაყურებელს მიაჩნია, რომ „კრავთა დუმილი“ ტრანს-ადამიანებს შეურაცხყოფს.

„ჰოლიდეი ინი“ / Holiday Inn” (1942)

ფილმი მოგვითხრობს სასტუმროზე, რომელიც მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში მუშაობს. ყველაზე მეტად მაყურებლის აღშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ ფილმში თეთრკანიან მსახიობებს სპეციალური გრიმი აქვთ „შავი სახის ეფექტის“ მისაღებად, რაც ფერადკანიანების გაშარჟებად აღიქმება.

„ნამდვილი ტყუილი“ / True Lies (1994)

ჯეიმს ქემერონი შესანიშნავი მთხრობელი და ბრწყინვალე რეჟისორია, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ „ნამდვილ ტყუილში“ ყველა არაბი პერსონაჟი ტერორისტი ან რელიგიური ფანატიკოსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები