LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმრის მიერ ილიაუნში მოკლული ლექტორის საქმე ქალის ოჯახმა სტრასბურგში მოიგო

116
SAQARtVELO

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე წააგო, რომელიც ეხებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძეს მკვლელობას.

მოსარჩელე გარდაცვლილის დედა, თალიკო თხელიძე იყო.

სტრასბურგის სასამართლოს სარჩელთან თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მარიამ წივწივაძემ ყოფილ ქმართან თანაცხოვრების დროს, 2014 წლის აპრილსა და სექტემბერში რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და ძალადობის შესახებ შეატყობინა. პოლიციამ ეს ყველაფერი „მცირე ოჯახურ შელაპარაკებად“ მიიჩნია.

ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის პოლიციამ გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლო.

„სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი ღონისძიებისა, რომლის გატარებაც შესაძლებელი იყო, მათ სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობისგან ქალის დაცვა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა სისტემურ მარცხად შეიძლება შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“, – ვკითხულობთ სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი, სიცოცხლის უფლება, მე-14 დისკრიმინაციის აკრძალვა მუხლთან მიმართებით.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აპლიკანტს საქართველომ – გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ.

დაზარალებული ინტერესებს სტრასბურგში „საფარის“ წარმომადგენლები, ასევე ადვოკატები მარი კურტანიძე და სოფო გოგიშვილი იცავდნენ.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელობის უნივერსიტეტში  მკვლელობა მოხდა. ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მაკა წივწივაძე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში, მაგრამ სასიცოცხლო ნიშნებით შეიყვანეს. თუმცა, წივწივაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილიაუნის ლექტორი რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები