LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალია და 32%-დან 38%-მდე მერყეობს

67
120883623-1902849699854712-997112208011812573-n

PMCG საქართველოში არსებულ უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

„კიდევ ერთი ინდიკატორი, რომლის განხილვაც მნიშვნელოვანია უმუშევრობის სტრუქტურის გასაანალიზებლად, არის უმუშევრობის ხანგრძლივობა. 2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის (ერთ წელზე მეტი) მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნებოდა მისი შემცირების ტენდენციაც.

მოცემული პერიოდის განმავლობაში გრძელვადიანი უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 40%-ს შეადგენდა. 2020 წელს მოკლევადიანი (ერთ წელზე ნაკლები) უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა. აღნიშნული განაპირობა 0-დან 5 თვის ჩათვლით, უმუშევრების წილის 11 პპ-ით გაზრდამ. სავარაუდოა, აღნიშნული ცვლილება პანდემიით განპირობებულმა კრიზისმა გამოიწვია, რადგან 2020 წელს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები, სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვაში აისახა. ასევე, სავარაუდოა, რომ 2020 წლის სტატისტიკაზე გავლენა მეთოდოლოგიის შეცვლამაც იქონია. უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიანი უმუშევრობის შემცირება ავტომატურად არ გულისხმობს დასაქმების ზრდას. მეტიც, სავარაუდოა, რომ საქართველოში გრძელვადიანად უმუშევარმა ადამიანებმა დატოვეს სამუშაო ძალა, რადგან სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელი 2017-2020 წლებში იკლებს“, – ნათქვამია PMCG-ის კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის სტრუქტურის გასაგებად, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ უმუშევრობის განაწილებას განათლების მიღწეული დონის მიხედვით. საქართველოში, 2017-2020 წლებში, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და ის 32%-დან 38%-მდე მერყეობდა. აღნიშნულ პერიოდში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ 2017- დან 2020 წლამდე, მათი წილი შესაბამისად, 6 და 4 პპ-თი შემცირდა. მეორე მხრივ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში (შესაბამისად, 9 და 1 პპ-თი გაიზარდა). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებლით უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 9.7% უმუშევარი იყო, ხოლი მათი 28.6% სამუშაო ძალის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 61.7% შეადგენდა, როდესაც 2017-2019 წლებში OECD ქვეყნების იგივე მაჩვენებელი 85.2%6 იყო.

2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად 20.2% და 18.5%. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5%-ით. მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 4.7% დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2% და 6.2% .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები