LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჩამოგვიტანეს და რა დაგვიტოვეს ევროპარლამენტარებმა – „ეს საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი პერიოდია“

213
ევროპარ

ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, ევროპარლამენტარების პირდაპირი გზავნილები „ქართულ ოცნებას“, ღია მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ახლა უკვე შეხვედრები თბილისში – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6-კაციანი დელეგაცია დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ.

მთავარი განსახილველი საკითხები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი რეალურად რა გზავნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ევროპარლამენტარების ვიზიტი მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა გაძლიერდა, როგორ უნდა გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები და რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა სურს – საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს რადიო „ფორტუნას“ სტატიაში წაიკითხავთ.

 

 

რა გვითხრეს ევროპარლამენტარებმა

 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა მედიასთან არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უმთავრეს ამოცანად 12 პრიორიტეტის შესრულების პარალელურად, რჩება პოლიტიკურ ძალთა შორის პოლარიზაციის დაძლევა.

უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა, გვერდზე გადადოს განსხვავებები და მათ კონტრუქციულად იმოქმედონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ წამოიჭრება ხოლმე ერთი სიტყვა და ეს არის პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და სურვილის არ ქონით დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, იმ მიზნისთვის რაც ქვეყანას აქვს დასახული“– განაცხადა მაკალისტერმა.

ფოტო: ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ

"დელეგაციამ შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები", - აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მისი სიტყვებით, ევროკავშირი დაპირისპირებულ მხარეებს აქტიურად მოუწოდებდა როგორმე შეთანხმებულიყვნენ იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია.

დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კი თქვა და მოგვიანებით იგივე ტვიტერზეც დაწერა, რომ „ევროკავშირი მოწადინებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი მთავრობამ, 12-ვე პუნქტი უნდა შეასრულონ. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ვაჭრობის ადგილი აქ არ არის“.

 

 

რა ვუთხარით ჩვენ ევროპარლამენტარებს

 

მმართველ გუნდს არც ევროპარლამენტარებთან პირისპირ შეხვედრამდე და არც შეხვედრების შემდეგ დაუმალავთ წყენა თუ გაბრაზება იმაზე, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან სამწუხარო უწოდა მისი თქმით, დიფერენცირებულ მიდგომას, რაც საქართველოს მიმართ გამოიყენეს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

ევროპული პარლამენტის დელეგაციის წევრები პრემიერის გარდა, ასევე შეხვდნენ პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

ევროპარლამენტარებს ვუთხარი, რომ როცა ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება, პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ, ეს ჩვეულებრივად მიიღეს: ნიკოლოზ სამხარაძე

სამხარაძე აცხადებს, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა „კრიტიკა მიიღო“ და დაელაპარაკებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ „ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო პოლიტიკას, ევროპულ პოლიტიკას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას“.

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საინტერესო დისკუსია შედგა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, „აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერი და ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, – თქვა კობახიძემ.

ევროპარლამენტარებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციასთანაც. შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ თქვა: “შეკითხვები აქვთ, რა შეიძლება მათ გააკეთონ ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს სტატუსი. ვილაპარაკეთ პრობლემებზე, გავაცანით ჩვენი მოთხოვნა რიგგარეშე სესიაზე, რომელიც უარყო პროცედურების სრული დარღვევით “ქართულმა ოცნებამ”.

„ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი აღნიშნა, რომ 12 პუნქტის შესრულების გარდა, „დელეგაციასთან დაისვა საკითხი იმ მძიმე გარემოს შესახებ, რომელშიც ქართულ მედიას უწევს მუშაობა და ასევე დაისვა კონკრეტული საკითხი ნიკა გვარამიას პოლიტიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შესახებ“.

 

                                                                                   

პრეზიდენტის გზავნილი პარტნიორებს

 

ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორები საქართველოში ისტორიულ მომენტში ჩამოვიდნენ.

“ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს, ასევე, ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში”, – თქვა პრეზიდენტმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და მასზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ზოგი ნაწილი ამ პუნქტების”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

ევროპარლამენტარების გზავნილების პოლიტიკური ანალიზი

 

ჩვენ გადავწყვიტეთ ევროპარლამენტარების ვიზიტის მნიშვნელობა და გზავნილები ექსპერტებთან ერთად შეგვეჯამებინა. საერთაშორისო ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ორი ასპექტი გამოყო და გვითხრა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.

“ერთი მხრივ, ეს ვიზიტი იყო, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი და ამის ფარგლებში ჩამოვიდნენ, მეორე მხრივ კი სასაუბრო თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იყო. როგორც იცით, ევროკავშირი აქტიურად განიხილავს აზერბაიჯანიდან გაზის მიღებას. აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა, რომ გაზარდოს ნავთობის ექსპორტი12 მილიარდ კუბურ მეტრამდე , ეს საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა განხორციელდეს.

მეორე მხრივ – საუბარი იყო კანდიდატის სტაუსთან დაკავშირებით. მათ ხაზი გაუსვეს დეპოლარიზაციის საკითხს. აქ მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვაკეთებთ.

ერთხელ ჰარცელმა თქვა, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. თავის თავს თუ ვერ ეხმარება ადამიანი, სხვა ვერ დაეხმარება.  როცა ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ევროპარლამენტარებს, გვარამიას აპატიმრებენ, სანამ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, მერე ისევ ევროპას სდებს ბრალს, რატომ არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ბიძინა არ არის ოლიგარქიო, ასე თუ გაგრძელდება, რთული იქნება ვალდებულების შესრულება. ამიტომაც გადაიწია 12 პუნქტის შესრულების საკითხის განხილვამ.

ასეთ დროს, უნდა გააქტიურდეს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, მხოლოდ აქციებს არ ვგულისხმობ.  საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა, მათი ინფორმირება, რა პრობლემებს ქმნის  ხელისუფლება, კანდიდატის სტატუსით რას კარგავს ქვეყანა…”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების 6 კაციანმა დელეგაციამ უკვე დატოვა საქართველო და ტურნეს ფარგლებში სომხეთში გაემგზავრნენ.