LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაგვიჯდება ბავშვის  სასკოლოდ მომზადება

საქართველოში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, მოსწავლეებს და მათ მშობლებს სკოლისთვის მოსამზადებლად, დაახლოებით, ერთი კვირა რჩებათ. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია სასკოლოდ საჭირო ნივთები, „ფორტუნა“ იმ ნივთების სიას და მათ ფასს გააცნობს, რომელიც სასკოლოდ მოსამზადებლად არის საჭირო.

 

სასკოლო ჩანთა

მშობლების პირველი საზრუნავი სკოლის ჩანთაა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩანთას ზურგჩანთის ფორმა უნდა ჰქონდეს, რათა ამით ხერხემლის გამრუდება ავიცილოთ. ზურგჩანთის სამხრეები მის სიმძიმეს აბალანსებს.

სპეციალისტები გვირჩევენ რომ ჩანთის ყიდვისას ბავშვების აზრი გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი შვილი პირველკლასელია და სკოლაში პირველად მიდის. სასურველია, ამ დროს ჩანთას ბავშვისთვის მოსაწონი დიზაინი ჰქონდეს, გაფორმებული იყოს მისი საყვარელი ზღაპრის ან მულტფილმის გმირებით, ასე მისთვის სკოლაში წასვლა უფრო სახალისო გახდება.

ორი სახის ჩანთის ფასს შემოგთავაზებთ – ზურგჩანთა და გორგოლაჭებიანი ჩანთა.

მიუხედავად განათლების მინისტრის დაპირებისა, სკოლის წიგნების სიმძიმის პრობლემა კვლავაც აქტუალურია. ბოლო დროს,  წიგნების სიმძიმის გათვალისწინებით, მშობლები და სპეციალისტების ნაწილი ზურგჩანთას გორგოლაჭებიან ჩანთას არჩევენ. სასკოლო გორგოლაჭებიანი ჩანთის ფასი, საშუალოდ, 55 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს, თუმცა,  უფრო ძვირადღირებულ ჩანთებსაც შეხვდებით. სკოლის ზურგჩანთა კი, საშუალოდ, 35 ლარიდან 60 ლარამდე ღირს. ფასი მზარდია და ხშირად ის გორგოლაჭებიანის მსგავსად 120 ლარამდე ადის.

კიდევ ერთი რჩევა სპეციალისტებისგან, ჩანთის ყიდვისას, ფინანსების გათვალისწინებით, მისი ხარისხიც გავითვალისწინოთ. დაბალფასიანი ჩანთები შესაბამისი ხარისხის მასალისგან მზადდება. სუნი შეიძლება, ჰქონდეს დერმატინის მასალას ან წებოს, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მით უფრო, თუ ბავშვი ალერგიულია.

 

სასკოლო საკანცელარიო ნივთები

რადგან სკოლის წიგნებს თავად სკოლა უზრუნველყოფს, ხოლო, თუ მშობელი მაინც გადაწყვეტს, რომ თავად შეუძინოს წიგნი ბავშვს, მისი ფასი სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაა, ამიტომ აქ სასკოლო წიგნების ფასს არ შემოგთავაზებთ.  

რაც შეეხება სხვა ნივთებს, რომელიც თქვენს შვილს სკოლაში დასჭირდება:

სახატავი ფანქრები: ქართულ ბაზარზე, ძირითადად, ჩინური ფანქრებია წარმოდგენილი, რომელიც ხარისხით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა საკმაოდ იაფია. ე.წ. ცისარტყელა ფანქრებს 2-4 ლარად ბაზრობაზე შეიძენთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხიანი ფანქარი ქიმიკატებს არ შეიცავს, სპეციალისტები მის შეძენას გვირჩევენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი პატარაა და მისი პირში ჩადების საფრთხე არსებობს, ასეთი ფანქრების ფასი მაღაზიებში, დაახლოებით, 10-25 ლარია, დაახლოებით იგივე ღირს ფლომასტერიც.

ფანქრების, კალმების და ფლომასტერების შესანახად ე.წ. პენალიც დაგვჭირდება. მისი ფასი, დაახლოებით, 5-15 ლარია, ამავე ფასში პენლებს მაღაზიებშიც ვნახავთ, თუმცა, 10-15 ლარიდან ფასი 60-70 ლარამდეც იზრდება და 100 ლარსაც აჭარბებს. 

 

ტანსაცმელი

ბავშვების მაისურს 10-15 ლარად ვნახავთ ბაზრობაზე, ამავე ფასში მისი შეძენა მაღაზიებშიც არის შესაძლებელი. დაახლოებით, 15 ლარიდან იწყება პერანგების ფასი ბაზრობაზე, მაღაზიებში მის შეძენას 25ლარად შევძლებთ. ფასები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მზარდია. შარვლის ფასები ბაზრობაზე 20 ლარიდან იწყება (სხვდასხვა ასაკზე სხვადასხვა ფასია),  დაახლოებით იგივე ფასებია ქვდაკაბებზე. ბაზრობებზე 20-40 ლარის ფარგლებშია, ბრენდულ მაღაზიებში კი ეს ფასი 50-70 ლარი და მეტია. მთლიანი კაბები გაცილებით ძვირია.  ქურთუკები 40 ლარიდან იწყება და ბრენდულ მაღაზიებში 200 ლარამდეც კი ადის.  ფეხსაცმელს ბაზრობაზე 40-80 ლარად შეიძენთ, მაღაზიებში კი მისი ფასი 80-150 ლარიდან იწყება. 

უხეში გათვლებით, სასკოლოდ მომზადება საშუალოდ 250-300 ლარამდე დაგიჯდებათ, თუ შემოსავლები ხელს გიწყობთ, ეს რიცხვი თქვენი მატერიალური მდგომარეობის მიხედვით, კიდევ უფრო მზარდი იქნება. 

 

 

თაკო ივანიაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები