LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს, რამდენნაირი არსებობს და როგორ დავაღწიოთ თავი ხველას – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

23854

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“  სეზონის ყველაზე შემაწუხებელ სიმტოპმს ხველას დაეთმო. რას გულისხმობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, რამდენ  ხანს უნდა გრძლდებოდეს ის, რა არის ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი და რა აუცილებელი რეკომენდაციების გათვალიწინებაა საჭირო ამ დროს – ამ თემაზე გადაცემაში ცნობილმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

ბატონო ბიძინა, რიგ შემთხვევებში ხველა მარტივად და უპრობლემოდ იხსნება, ხშირად კი სპაზმური ხველის მოხსნა მედიკამენტებითაც ვერ ხერხდება, რა არის ამის მიზეზი?

ძალიან აქტუალური თემაა. შემოდგომა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონია. გამომწვევები, რომლებიც ხშირად ავადობას იწვევენ, სწორედ ვირუსული ინფექციებია. ყველაზე გავრცელებული ვირუსი, რომელიც პირველი გამოჩნდება ხოლმე, ეს არის მარტივი გაციების გამომწვევი ვირუსი, რომელსაც პაციენტები გრიპს უწოდებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გრიპის ვირუსი. აქ საუბარია რინოვირუსზე, რომელსაც ასზე მეტი შტამი აქვს. ამიტომაც, ადამიანს შეიძლება ე.წ. გაციება წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეხვდეს.

რინოვირუსს ხშირად ახასიათებს სურდო, ყელში ჩაფხაჭვნის შეგრძნება და თუ ბავშვი პატარაა, მისი სასუნთქი გზების ანატომიური გზებიც ძალიან პატარაა. ამიტომ, რასაც უფროსი მარტივად იტანს, ბავშვისთვის ეს სერიოზული დისკომფორტი შეიძლება იყოს და გამოიხატოს შემაწუხებელ ხველაში. არის კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც ოქტომბრის ბოლოდან იწყება და მთელი ზამთრის განმავლობაში აქტიურია, მას რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი ქვია. ამ ვირუსსაც ისეთივე მიდრკილება აქვს სასუნთქი გზებისკენ და შემაწუხებელ ხველას იწვევს. ასევე ძალიან შემაწუხებელ ხველას იწვევს კორონავირუსი და არის კიდევ პარანგიტისვირუსი, რომელიც ლარინგოტრაქეიტის, ანუ კლასიკური კრუპის გამომწვევი ვირუსია. ასევე არის გრიპის ვირუსი, ანუ ინფლუენსა, როგორც ამას ინგლისურენოვან ლიტერატურაში მოიხსენიებენ ხოლმე.

ახლა ხველას დავუკავშიროთ ეს ყველაფერი – ჩვენ ექიმები ხველას ორ ნაწილად ვყოფთ, მწვავე ხველა, რომელიც 3-4 კვირა გრძელდება. აქ უდიდეს ნაწილში ხველის უკან დგას რესპირაციული, გაცივებითი ვირუსული ინფექციები. 7-8%-ში შესაძლოა ხველა უცხო სხეულის ასპირაციის შემდეგაც გამწვავდეს. ეს მოულოდნელად იწყება, ხანდახან სუნთქვა ძნელდება და სტვენითი ხასიათი აქვს.

რატომ გვიჭირს ხველის მართვა და რატომ ემორჩილება ხველა სამკურნალო საშუალებებს რთულად? ამ კითხვაზე მაქვს ყოველთვის ერთი პასუხი, ჯერ უნდა ვიცოდე დიაგნოზი. თუ ადამიანს ხველა ფილტვის ანთების გამო განუვითარდა, რა თქმა უნდა ექიმმა ფილტვის ანთებას უნდა უმკურნალოს და ხველაც გაჩერდება. თუ მწვავე შეტევითი ხველა ლარინგოტრაქეიტის გამო განვითარდა, რომელსაც მყეფარე ხასიათის ელფერი აქვს, ამ დროს საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუ ხველის უკან არის ასთმური სტატუსი, მას ასთმის სამკურნალო წამალი სჭირდება და არა ხველის წამალი. მწვავე ხველის უკან ექიმმა უნდა ამოიცნოს რა ნოზოლოგიაა. თუ ასპირაციაზეა ეჭვი, ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტს, რომ არ დათრგუნოს ხველა, სჯობს ექიმთან მიბრძანდეთ და ბრონქოსკოპიით მოხდეს უცხო სხეული ამოღება.

რა არის ქრონიკულ ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი?

თუკი ხველა 4 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ის ქრონიკულია, თუმცა ბევრი გაიდლაინით, ხველა 8 კვირაზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს, რომ ის ქრონიკული იყოს. თუკი გვაქვს ქრონიკული ხველის შემთხვევა, რა დაავადებებზე უნდა მიიტანოს ექიმმა ეჭვი?

გახანგრძლივებული ხველისას 90%-ში მიზეზი სამ ნოზოლოგიაშია. პირველი ეს არის ბრონქული ასთმა, მეორე – უკანა წვეთის სიმპტომი, ანუ ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რომლის უკანაც უხშირესად ალერგიული რინიტი ან სინუსიტი დგას. მესამე მიზეზი კი არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, როდესაც კუჭიდან საყლაპის შიგთავსში ქაფისებური მასის ამოსვლა დაუსრულებელ, გახანგრძლივებულ ხველას იწყებს.

როგორ, რა მინიშნებებით მივხვდეთ, რომ საქმე გვაქვს ამ უკანასკნელთან? გასტროეზოფაგალური რეფლუქსური ხველა ყველაზე ხშირად მწვავდება მაშინ, როდესაც პაციენტი ჰორიზონტალურ პოზაში გადადის. თუკი ამ დროს ხველის პროვოცირება ვითარდება, იცოდეთ რომ ძალიან ხშირად, ხველის უკან გასტროეზოფაგალური რეფლუქსი იქნება და ამას ექიმის დიფერენციალური დიაგნოსტიკა სჭირდება. რაც შეეხება ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომს – ეს არის ე.წ. წიაღების ანთება. თუკი პაციენტს აქვს ჰაიმორიტი, სინუსიტი და ა.შ. ამ დროს მთელი ღამის განმავლობაში ბრონქებში ჩაედინება ნახველი, პაციენტი ან ნერწყვს ყლაპავს, ან მსუბუქ ხველას ავითარებს და როდესაც დილას წამოდგება, მშობელი ამჩნევს, რომ სველი, პროდუქტიული ხველა აქვს. შუა დღის 2-3 საათის შემდეგ კი თითქოს მშრალი ხველა იწყება. მშობელი ამ დროს დაბნეულია, რადგან ხველა არის სველიც და მშრალიც და ექიმი ნიშნავს მშრალი ხველისთვის განკუთვნილ წამალსაც და სველი ხვლისთვის საჭირო წამალსაც, სჯობს ეს ვაღიაროთ. ენის უკანა ძირზე შპადელის ღრმა დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ ხველა არის გარდამავალი და გახანგრძლივებული, საკმარისია სინუსიტების სწორი მკურნალობა, 2-3 დღეში ხველა სრულიად ქრება. და მესამე მიზეზი – ასთმური ხველა, ეს განსაკუთრებით 6 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებს ახასიათებთ და სხვა სიმპტომი არ არის. როდის უნდა მიიტანოს ეჭვი ექიმმა ასთმაზე? თუ შეატყობთ, რომ გახანგრძლივებული ხველა, ასთმისათვის განკუთვნილი საინჰალაციო საშუალებებით წყნარდება, მაშინვე მიმართეთ სპეციალისტს. ეს არ არის 100%-იანი დიაგნოზი, მაგრამ მნიშვნელოვანი მინიშნებაა. ყველა ბავშვს, რომელსაც აქვს მსტვინავი ხასიათის ხველა, რა თქმა უნდა ყველას ასთმა არ დაემართება. თუკი მსტვინავი ხმოვანებაა, დადგენილია, რომ ვისაც ასეთი ტიპის სუნთქვა ერთხელ ჰქონდა, 100%-დან 52% ისე იზრდება, რომ ხიხინი არასდროს აღარ აქვს, მეორე ნახევარს კი შესაძლოა გაუმეორდეს. ამ ბავშვების 80%-ს, სკოლის ასაკამდე 60%-ს, ხოლო დარჩენილ 20%-ს გარდატეხის ასაკამდე ასთმისთვის დამახასიათებელი მთავარი სუნთქვითი ნიშანი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ულაგდება. მხოლოდ 20%-ია რისკის მატარებელი, რომ მას ასთმა ჩამოუყალიბდეს. ანუ, 10-დან 8 ბავშვი იკურნება თავისით, რა თქმა უნდა ექიმის დახმარებით.

ვინ არის ამ 20%-ში, ვისაც ასთმა დარჩება? თუ პაციენსტს 3-4 წლის ასაკში გარემო ალერგენებზე აქვს ალერგია, მტვერზე, ნესტზე, მცენარეზე, ცხოველის ბეწვზე, ან თუ პაციენტს ხიხინის დაწყებამდე აქვს ატოპიური დერმატეტი, ან თუ პაციენტს ოჯახის წევრი ჰყავს ასთმით დაავადებული – ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ პაციენტს ასთმის განვითარების მაღალი რისკი აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას ეს ავარიდოთ. დღეს თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, გავარკვოთ და სწორად შევაფასოთ მდგომარეობა, რისკები, როგორ შევებრძოლოთ ალერგენებს შინ თუ გარეთ და ა.შ.

თქვენ გარემო ალერგენები აღნიშნეთ, მაშინ როდესაც ბავშვი ხველისკენ მიდრეკილია, საჭიროა თუ არა ეს ლაბორატორიული  კვლევები თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით ჩატარდეს?

თუ ბავშვი წლინახევრის ქვედა ასაკშია, მაშინ ალერგენების მიმართ ალერგიული განწყობა იშვიათია და თითქმის არ გვხდება. თუმცა არის შემთხვევები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, როდესაც 9 თვის ასაკშიც დაფიქსირდა ალერგიული განწყობა. თუკი ბავშვი არის 2 წლის, აქვს მსტვინავი ხასიათის სუნთქვა და ეს ექიმს შეუფასებია, ამ დროს ოჯახმა უნდა იცოდეს, რა დგას ამის უკან, ინფექცია, თუ ალერგია. ალერგია არის დაუსრულებელი, გადაულახავი, გექმნება რისკი, 10 წლის ასაკის შემდეგ იგივე დაგმართოს იმ ალერგენმა, რასაც დღეს ვირუსი გმართებს. ხიხინის 80%-ს გადალახავენ ბავშვები, რადგან ამის უკან გაცივებითი დაავადებაა, ხოლო იმ 20%-ს, ვისაც ავადობის უკან ალერგია აქვს, არ უნდა დავუკარგოთ აცრების გაკეთების შანსი.

როდესაც ხველა იწყება ღამით, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

საბედნიეროდ, საქართველოში ყველა ოჯახს აქვს საშუალება მივიდეს ექიმთან. ჩანაწერში ვაკეთებ ხოლმე სახლში გამოყენებადი პრეპარატების რესურსს და ვაძლევ მშობელს უფლებას, ის სახლში გამოიყენოს. თუ შეტევა მწვავეა, პაციენტმა რესურსები ამოწურა, შესაძლებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

7-8 წლიდან 15 წლის ასაკის ბავშვებში გვხდება ხოლმე ჩვეული, ფსიქოგენური ხველა, რასაც მეტყველების მართვა და ფსიქოლოგის კონსულტაცია სჭირდება, თუმცა ეს არის სულ ბოლოს და მაშინ, როდესაც უკვე ყველა გზა გავლილი გაქვს. საინტერესოა, რომ ფსიქოგენური ხველა ღამით, ანუ ძილისას ჩერდება და მშობლებს სწორედ ამ ნიშნით სეუძლიათ დიფერენცირება მოახდინონ.

http://old.fortuna.ge/rogor-vumkurnalot-alergias-rchevebi-bidzina-kulumbegovisgan/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g