ალცჰაიმერის  დაავადება  დემენციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს არის ქრონიკული, ხშირად პროგრესირებადი და შეუქცევადი მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს. მარტა ქარუმიძის გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგანსტუმარია ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.

„ალცჰამერის  დაავადება ვლინდება ძირითადად 65 წლის შემდეგ. თუმცა დღეს საუბრობენ ამ დაავადების გაახალგაზრდავებაზე, სულ უფრო ხშირი ხდება დაავადების გამოვლენა 40-50 წლის ასაკში და არის აღწერილი 28 წლის პაციენტიც კი.

დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი მთავანი ნიშანი არის მეხსიერების დაქვეითება. აქვე უნდა ითქვას, რომ მეხსიერების გაუარესება ჯანსაღი დაბერების  დამახასიათებელი ნიშანიც არის. ასაკთან ერთად  ჩვენი კანი კარგავს თავის ელასტიურობას, ქვეითდება მხედველობა, სახსრები ხდება ნაკლებად მოქნილი, ასევე იცვლება თავის ტვინის ქსოვილიც. მართალია ეს ცვლილებები არ არის ისეთი თვალსაჩინო როგორც ნაოჭები, მაგრამ მათი წყალობით ჩვენი კოგნიტური (ანუ შემეცნებითი) ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება უარესდება. დაბერების პროცესში ჩვენი აზროვნება კარგავს ჩვეულ სისხარტეს, ხოლო გონება სიმახვილეს, მაგრამ დემენციისაგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებების ფონზე ადამიანს არ უჭირს ყოველდღიური ფუნქციონირება,  ახორციელებს ყოფით მოქმდებებს  და ხშირად წარმატებით აგრძელებს მუშაობას საპენსიო ასაკის მიუხედავად.

ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში, ცნობილია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები და გამოვლენილია ამ დაავადების მემკვიდრეობითი ფორმა. ასეთ შემთხვევაში გენეტიკური კვლევების მეშვეობით შესაძლებელია დაავადებისადმი მიდრეკილების გამოვლენა. სხვა შემთხვევებში აღნიშნული მდგომარეობა შეძენილია და განპირობებულია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობით, ცხოვრების წესით, ინტელქტუალურ და სოციალურ საქმიანობაში ჩართულობით.

კლინიკური გამოცდილების  გათვალისწინებით, დემენციის დასაწყისი ხშირად უკავშირდება ძლიერ სტრესს, როგორიცაა მეუღლის ან სხვა ძალიან ძვირფასი ადამიანი დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვნა, რაც ბუნებრივია 60 წის ზემოთ ასაკის მქონე პირებთან ხშირია. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი კარგავს მისთვის ჩვეულ სოციალურ როლს, ის რჩება ფუნქციის გარეშე და ხშირად ეს იმდენად დიდი განსაცდელია მისთვის, რომ იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ პროცესებს, მათ შორის ფიზიკური ჯანმრთელობის და ინტელექტუალური სფეროს გაუარესებას“.

ვრცლად გადაცემა

მსგავსი თემები