LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უთხრა ოპოზიციამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს: შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში

129
FORTUNA.GE (55)

უკვე ორ კვირაზე მეტია, მმართველი გუნდი ლამის ყოველდღე მიმართავს ოპოზიციას, რომ პარლამენტში შევიდნენ. ისინი თავის გამოსვლებში ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ბოიკოტი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს და სხვა პარტიები მზად არიან, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. ცხადია, დემოკრატიული პროცესები სურს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც და ალბათ ამიტომაც იმართება ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებები მათი დახმარებითა და შუამავლობით.

ამასობაში გავიგეთ, რომ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოდიოდა. ცხადია, ეს ვიზიტი პირველ რიგში, რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას, ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს და კავკასიაში რუსეთის გავლენების გაძლიერებას დავუკავშირეთ, თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ მაიკ პომპეო შეხვედრებზე არჩევნების ჩატარებაზეც გააკეთებდა აქცენტს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ოპოზიციას არ შეხვდებოდა, რამაც მმართველი გუნდი, ფაქტობრივად, აღაფრთოვანა და ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდნენ, რათა ეთქვათ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას არ ხვდება. ბოლოს თეა წულუკიანმა ისიც განაცხადა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ანტიდასავლურ ძალებს არ ხვდებაო. არადა, არაერთი წერილი გვახსოვს ვაშინგტონიდან, სადაც კონგრესმენები ივანიშვილს პუტინის მოკავშირეს უწოდებდნენ.

ჩამოვიდა პომპეო, გამართა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები და წავიდა, მაგრამ საქართველოში დატოვა თანაშეწმე, რომელიც მოულოდნელად ოპოზიციას შეხვდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი გზავნილი ასეთია: მზადაა, დაეხმაროს ოპოზიციას ბრძოლაში, მაგრამ მოუწოდა, რომ ბოიკოტზე უარი თქვას და ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს.

შედით პარლამენტში: ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პრინციპში გასაგებია, რომ ამას იტყოდა. ეს არის ქვეყანა, სადაც სასამართლო სასამართლოა, კანონი კანონია და ამიტომაც იქ ინსტიტუტების საშუალებით ბრძოლას აზრი ნამდვილად აქვს, მაგრამ მათ როგორც ჩანს, კარგად არ იციან, რომ საქართველოში ეს ინსტიტუტები, ფაქტობრივად, მოშლილია.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, რას იზამს ოპოზიცია და ხომ არ შეცვლის საკუთარ გეგმებს.
„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დავუკავშირდით, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ისევ მყარად აპირებენ ბოიკოტის გაგრძელებას.

სერგი კაპანაძემ გვითხრა, რომ ისინი ისევ აპირებენ გააგრძელონ ბრძოლა ახალი არჩევნების მისაღწევად, თუმცა როგორც ოპოზიციონერმა განგვიმარტა, პარლამენტში არ შევლენ.

“ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ ავუხსენით ამ გადაწყვეტილების მიზეზები. ვესაუბრეთ იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რაც ამ არჩევნებზე იყო და რის გამოც უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ყველამ ვუთხარით, რომ პარლამენტში ბრძოლა შესაბამისი ინსტიტუტების გამოყენებით, შეუძლებელია. ვუთხარით, რომ ეს ინსტიტუტები არ მუშაობს. ყველა ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არც სასამართლო მუშაობს. ოქმების გასაჩივრებაც ფორმალურია. ჩვენთან რომ ინსტიტუციები მუშაობდეს, რა თქმა უნდა, მათი გამოყენებით ვიბრძოლებდით. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ამ მხრივ ჩვენი პოზიცია არ იცვლება“, – ამბობს კაპანაძე.

სირცხვილის დერეფანი არ იქნება, მაგრამ აქციები გაგრძელდება: რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“

ასევე დავუკავშირდით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბოიკოტს, ბოიკოტი გვაქვს მეორე ტურზეც. 21 ნოემბერს ვაპირებთ აქციების გამართავს, იქნება სხვა მასშტაბური აქციებიც, როგორც ოპოციური პარტიების, ისე ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების. არაერთხელ მითქვამს აქამდეც, რომ მეორე ტურებში არ ვმონაწილეობთ, ამიტომ ამომრჩევლებს მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე, რადგან ეს რეალურად არჩევნები არ არის“, – აცხადებს დეკანოიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ აზრზეა, ისინი ერთიანი არიან მთავარ საკითხში და ითხოვენ მხოლოდ ხელახალ არჩევნებს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის ისევ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. როგორც პრემიერ–მინისტრმა განმარტა, რომელიც ამბობს, რომ დეპუტატიც იზიარებს პასუხისმგებლობას, ის ამის შესაბამისად მოიქცევა.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, როელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა“, – აცხადებს გახარია.

რამდენად სწორადაა პრემიერი დარწმუნებული, ამას 21 ნოემბერი და პროცესების შემდგომი განვითარება აჩვენებს.