აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და პატიმრობაზე.
1-ელ ოქტომბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და დააკავეს სხვადასხვა ბრალდებისა დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გამო. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გაცემის გამო,- ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ვკითხულობთ: „11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (სპს) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანისას, შიმშილობის პროტესტის შემდეგ.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, „2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გაავრცელა რა ვიდეომასალა, სადაც ჩანს მიხეილ სააკაშვილის მოთავსება N18 სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უწყებისთვის გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები არ მიუწოდებია, მაგრამ ის საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს (სააკაშვილს) შეუზღუდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, რაც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან სააკაშვილს არ მიეცა სასამართლოში გამოსვლის უფლება დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ სამჯერ“.
19 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
30 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას. მის ნაცვლად დაიგეგმა ორი ცალკეული უწყების შექმნა, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს. წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომელიც ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანაბარ გამოძიებას ითვალისწინებდა, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება.
რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილების ამოწურვამდე კიდევ სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და სამივე მოსმენის ერთ კვირაზე ნაკლები დროის პერიოდში ჩატარებით, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით”.