საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სამივლინებო თანხის ლიმიტი ქვეყნის შიგნით 15 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება. საშუალოდ 37%-ით გაიზრდება ქვეყნის გარეთ დღიური სამივლინებო ლიმიტი.

„ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის განსაზღვრული იყო 15 ლარიანი ლიმიტი, ეს ნორმა გაორმაგდება. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ერთიან სტანდარტთან. მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებები. ქვეყნების მიმართულებით საშუალოდ 37%-იანი ზრდა იქნება. ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, გამომდინარე იქიდან თუ რა ოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარეთ დღიურ ნორმებთან მიმართებით, ძირითადად, 3 კატეგორია იქნება: 45 დოლარის, 60 დოლარისა და 75 დოლარის ოდენობით.

„ბუნებრივია ეს ნორმები იარსებებს როგორც საჯარო სექტორისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან მიმართებით, ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები