LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქვიაშვილი: მელიას ბილბორდები რომ დავინახე, გამიხარდა, პირველი ტურისგან განსხვავებით, სურვილი გაუჩნდათ, არჩევნებში მოიგონ

98
ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ძალიან გამიხარდა, რომ დავინახე ნიკა მელიას ბილბორდები. ეს ნიშნავს, პირველი ტურისგან განსხვავებით, სურვილი გაუჩნდათ, არჩევნებში მოიგონ,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პასიური წინასაარჩევნო კამპანია მას არ მოსწონდა. რაქვიაშვილის აზრით, პარტიას ენერგია მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ შესძინა.

„ეტყობა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და ლიდერის დაბრუნებამ დამატებითი ენერგია შესძინა „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ზოგადად, კარგია. პასიური კამპანია, რაც მანამდე იყო, ძალიან არ მომწონდა. რა შანსები აქვს, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

გასაგებია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური ელექტორატი უნდა გააერთიანოს. მე ჯერ ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ დრო გვაქვს და ვნახოთ, როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად და მათი კანდიდატები ცალკეულ ქალაქებში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოუწოდებთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველი თავად გააკეთებს დასკვნას, ვის მისცენ ხმა.

„უფასო საკვები საჯარო სკოლებში – მე, რომ მოვუწოდო, ამას მხარი დაუჭირონ ან რაღაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩემს ცხოვრებას ანადგურებს, როგორც ჭავჭავაძის გამზირი, არ შემიძლია, ასეთ შემთხვევაში ვიღაცას რაღაც მოვუწოდო.

ჩვენი ამომრჩეველი თვითონ გააკეთებს დასკვნას, რა უფრო მნიშვნელოვანია და ღირს წასვლა არჩევნებზე თუ არა და თუ წავა, რომელ კანდიდატს მისცემს ხმას“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.