LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს პუტინი – ომის მეათე დღე

524
BeFunky-collage (2) (1)

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს ემუქრება და აცხადებს, რომ უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნა შეუძლებელია. პუტინის თქმით, უკრაინის ცის დახურვა რუსეთის მხრიდან განხილული იქნება, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა. ამის შესახებ პუტინმა “აეროფლოტის” პილოტებსა და ბორტგამცილებლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

პუტინი: ნებისმიერი ნაბიჯი ცის ჩაკეტვისკენ, კონფლიქტში ჩართვა იქნება

რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება, რაც პუტინმა გააკეთა:

  • სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა.

“მრავალი რამ რაც ახლა ხდება, რასაც ვხედავთ, ეს არის ცალსახად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვა. სხვათაშორის, ეს სანქციები, რომლებსაც ატარებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია. თუმცა, მადლობა ღმერთს, საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. ჩვენს “პარტნიორებს” მაინც ესმით თუ რას მოიცავს და რა საფრთხესთანაა დაკავშირებული ეს ყველასთვის, მიუხედავად მათი უგუნური განცხადებებისა, როგორიც გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა [ლიზ თრასმა], როცა წამოროშა, რომ NATO შესაძლოა ჩართულიყო კონფლიქტში და ჩვენ დაუყოვნებლივ მოგვიწია მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩვენი შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანაზე. ამას რეაქცია მოჰყვა, თქვეს, რომ ასეთი არაფერი ყოფილა მხედველობაში. არავის მიუთითებია ამ ქალისთვის, მინისტრისთვის. არ წაუღია უკან განცხადება. ვინმეს მაინც ეთქვა ამაზე, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ მიაქციოთ ყურადღებაო. ჩვენ რა უნდა გვეფიქრა ამაზე? რა თქმა უნდა, მივიღეთ, როგორც სიგნალი”, – თქვა პუტინმა.

  • რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსია საჭირო, რათა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს „რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“.
  • პუტინი აცხადებს, რომ არ აპირებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. მისი თქმით, ნაბიჯი გადაიდგმება მხოლოდ „გარე აგრესიის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედების განსაზღვრულ სფეროებში“.”ჩვენ ახლა ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და იმედი მაქვს, არც გვექნება“, – განაცხადა პუტინმა.
  • თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მოსკოვისთვის საფრთხე გამოგონილი არ არის და რეალურია.
  • პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინის თითქმის მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდა, საჰაერო თავდაცვის ლიკვიდაცია თითქმის დასრულებულია.
  • იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დადებითად უპასუხებს რუსეთის ფედერაციის წინადადებებს ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებებზე.

“ჩვენ ახლა გვესმის განცხადებები, რომ უნდა შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს შეუძლებელია. ნებისმიერი მსგავსი მოქმედება ჩვენი მხრიდან განიხილება როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა. იმედი მაქვს, აქამდე საქმე არ მივა. ამ ოპერაციაში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები, ოფიცრები და კონტრაქტორები. ამ ოპერაციაში მონაწილეობენ ისინი ვინც ნებაყოფლობით გადაწყვიტა სამშობლოს დაცვა.

რაც შეეხება კონფლიქტის ზონას, მე მანამდეც ვამბობდი,რომ დონბასელი ხალხი ქუჩის ძაღლები არ არიან. იქ 13 ათასიდან 14 ათასამდე ადამიანი მოკლეს გასულ წლებში. მოკლეს და დაასახიჩრეს ბავშვები.

ის რასაც ვერ შევეგუებით არის ის, რომ ე.წ ცივილიზებული დასავლეთი ამჯობინებს რომ ეს ყველაფერი არ შეამჩნიოს. ჩვენი ბიჭები რომლებიც იქ იბრძვიან თავის სიცოცხლეს წირავენ და იბრძვიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უკრაინის მთავრობას და ევროპის ლიდერებს, მაგრამ არავინ არანაირი ზომა არ მიიღო,”- აცხადებს პუტინი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g