„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის ნაწილი სამაგალითო, პოლიტიკურად მოტივირებული დასჯისა და დევნის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში უტიფარი და უზნეო ძალის დემონსტრირება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
მისივე შეფასებით ის, რასაც „ივანიშვილის რეჟიმი“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით აკეთებს, დემოკრატიული ტრადიციებისა და საზოგადოების მომავლისთვის მიყენებული უმძიმესი ჭრილობაა.
„დღეს ორი პროცესი იმართება, ახლა დაიწყება პროცესი იმ ადამიანების, ვინც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში არიან ბრალდებული.
მიუხედავად იმისა, რომ აქ მუხლიც არ არსებობს, რომელიც პირდაპირ ამას მიესადაგება და ის ფაქტიც, რომ ეს ხალხი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ არის, როცა არც მძიმე დანაშაულზე არ არის საუბარი, კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისი, რომ ეს არის ნაწილი სამაგალითო პოლიტიკურად მოტივირებული დასჯის და დევნის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უტიფარი და უზნეო ძალის დემონსტრირება.
ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით საპროტესტო გამოსვლებთან, საზოგადოების რეაქციასთან ერთად, ყურადღება იყოს მთელ სპექტრზე ამ პოლიტიკური დევნის და ის განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით amnesty international-ის, არის ძალიან მკაფიო და მოკლე, მაგრამ ძალიან მძიმე დახასიათება იმ რეალობის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, სამწუხაროდ, ამ ძალიან დიდი ხიფათის წინაშე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, იმდენი ხანი პროტესტისთვის და ამაზე ყურადღების გამახვილებისთვის საერთაშორისო ასპარეზზეც, რამდენიც დასჭირდება ამ რეჟიმის მორყევას და მშვიდობიანად ჩამოცილებას.
ამიტომ, ვთვლით, რომ ამ პროცესზეც და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პროცესზეც, რომელიც უნდა გამოიყვანონ წესით დღეს აქ, უნდა იყოს მთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის ყურადღება და პროტესტში თანამონაწილეობა“, – განაცხადა ბოკერიამ.
სუს-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
“რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ” – ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან