LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური

706

სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა არსებობდეს, საქართველოში მოქმედი გაწვევის სისტემა კი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიულია – ასე აფასებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი რადიო „ფორტუნასთან“, თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, გაზაფხულიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით.

როგორც ჩვენთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში, რაც გამოჩნდა საშემოდგომო გაწვევის შეჩერებით ის არის, რომ შეიარაღებულ ძალებში, უკვე პრობლემაა კადრები დაცვის სამსახურისთვის, ვინაიდან, სხვადასხვა ობიექტის დაცვა და საყარაულო სამსახური, უკვე უწევთ კონტაქტით მომსახურე სამხედროებს, იმის ნაცვლად, რომ მათ სრულად დაუთმონ თავისი დრო ველზე ტაქტიკურ მომზადებას, სრულყოფას და გაძლიერებას.

“ ამასთან, როცა ვსაუბრობთ, რომ გვჭირდება მობილიზაციის და სარეზერვო სისტემა, ამ სარეზერვო სისტემის შევსება საჭიროების შემთხვევაში თავისთავად უმჯობესია, ერთწლიანი მომზადების მქონე ჯარისკაცებისგან, ვიდრე უბრალოდ, ქუჩიდან მოყვანილი გამოუცდელი მოქალაქისგან,” – განმარტა ალადაშვილმა.

რაც შეეხება ინიციატივის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს, რომ ეს არის შრომის „მონური“ გამოყენება საყარაულოდ, პირველ რიგში, მსგავსი შეფასება არის დისკრედიტაციის ტოლფასი და თანაც,  ალადაშვილის თქმით, სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების დაცვის საყარაულო მომსახურება, არ უნდა იყოს ხელწამოსაკრავი სამსახური.

„საქართველოში არის სამხედრო სამსახურში გაწვევის ყველაზე დემოკრატიული სისტემა. ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს ეხება, არსებობს ალტერნატიული, 18 თვიანი სამხედრო სამსახური; ასევე მოქმედებს ნორმა, რომელიც მსურველს 2 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, სავალდებულო სამსახურის 18 თვით გადავადების საშუალებას აძლევს,“ – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მინისტრის ინიციტივაში, ექსპერტის თქმით, ის არის, რომ წვევამდელებს ექნებათ საშუალება გაიარონ სულ მცირე ტაქტიკური მომზადება მაინც, შესაბამისად მათს ეცოდინებათ, როგორ დაიცვან თავის ქვეყანა, „ეს კი ცოტა არ არის“.

მისივე თქმით, აუცილებელია რეზერვი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ტერიტორიები ოკუპირებულია. ამასთან, ზოგადად მსოფლიო მასშტაბით უამრავი გამოწვევა არსებობს, რაც ნებისმიერ ქვეყანას, მაღალ დონეზე განვითარებული თავდაცვითი ძალების ყოლას ავალდებულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები