რეალურად, ეს არის პუტინის ომი ცივილიზებულ სამყაროსთან და ეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ეხება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თავისუფლება, – ასე შეაფასა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” “რონდელის ფონდის” მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია
მისი შეფასებით, რაც უფრო მეტად მოიმატებს რუსეთის აგრესია, მით მეტი რეაგირება იქნება დასავლეთის მხრიდან.
“ეს უფრო გლობალური ამბავია, ვიდრე ლოკალური და ხდება იმისთვის, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამის უფლებას არ აძლევს დანარჩენი ცივილიზებული სამყარო.
დიპლომატია და მოლაპარაკებების მიღწევა არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ სადაც არ ჭრის ვნახეთ სიველურე გამოამჟღავნეს ამ ძალებმა. ეს რა თქმა უნდა, ერთ და ორ დღეში არ დასრულდება”, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
“რონდელის ფონდის” მკვლევარის შეფასებით, დასავლეთის მხრიდან უკვე დაწესებული და სამომავლოდ განხილული სანქციები საბოლოო ჯამში, დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.
“ის სანქციები, რომელიც შემოიღეს და დროთა განმავლობაში, კიდევ შემოიღებენ, გამოიწვევს ეკონომიკურ გამოფიტვას რუსეთისა, რომელიც არავისთვის არაა დასამალი, რომ საზრდოობს მხოლოდ იმ შემოსავალზე, რომელსაც ბუნებრივი რესურსების რეალიზაციის შედეგად აღწევს.
სადღაც, რაღაც მომენტში ყველაფერი მილევადია და მაშინ დაიწყება შეუქცევადი პროცესი. მაგალითად, „ფორბსმა“ დაითვალა, რომ გუშინ, მხოლოდ ერთ დღეში რვა მილიარდი დაკარგეს რუსმა ოლიგარქებმა. ეს რაოდენობაც გაიზრდება და ფინანსებს დაკარგავენ არა მხოლოდ ოლიგარქები, არამედ რუსეთის მოქალაქეებიც. ამ გლობალური ამბის ფასის გადახდა ყველას მოუწევს. ყველა ქვეყანას, ყველას ჯიბეს შეეხება. ალბათ, ბრძოლები გაგრძელდება. ახლა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა, არა მგონია, რომ ერთ-ორ დღეში შეწყვიტოს”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
მისივე განცხადებით, უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და დასავლეთი მას სამხედრო დახმარებასაც უწევს, თუმცა “რონდელის ფონდის” მკვლევარი ახალ მსოფლიო ომს გამორიცხავს.
“არავითარი ახალი მსოფლიო ომი არ იქნება, იმიტომ რომ ნატო და დასავლეთი ამაში პირდაპირ არ მონაწილეობს რაც შეეხება მოსაზრებას, რომ უკრაინა მარტოა, ძალიან მცდარი შეფასება და რუსული ნარატივი მგონია.
სინამდვილეში, საერთაშორისო არენაზე უკრაინას აქვს სრული მხარდაჭერა, როგორც სანქციების, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით – ეს ეხება არა მხოლოდ იარაღის მიწოდებას, არამედ მათი სამხედროების გაწვრთნას. უკრაინა დიდი ქვეყანაა, საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები ჰყავს, პატრიოტი მოქალაქეები ჰყავს, იგი შეძლებს თავი დაცვას.
ბრძოლები იქნება და ვუსურვოთ უკრაინას გამარჯვება, იმპერიას დანგრევა.
საქართველოს პოზიცია თავდაპირველად გაუგებარი იყო, თუმცა დასავლეთის მხრიდან სანქციების საკითხის წამოწევის შემდეგ, ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, სადაც რუსეთის ქმედებები დაგმობილია. ვისურვებდი, რომ უფრო თანმიმდევრულები ვყოფილიყავით, თავიდანვე ასეთი პოზიცია დაგვეჭირა. უფრო მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი თავიც და ჩვენი პრობლემებიც”, – აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ.