LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეიტუზის და შალის ნაქსოვი წინდების ჩაცმის აუცილებლობა არ არსებობს“ – პედიატრ ანა მაღრაძის რჩევები მშობლებს

2014
news121

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია პედიატრი ანა მაღრაძე. როგორ ჩავაცვათ ბავშვებს ზამთარში, რამდენი ხანი ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, რეკომენდებულია თუ არა თბილი ქუდისა და შარფის გამოყენება, ამ თემებზე პედიატრმა ,,ფორტუნას” ეთერში ისაუბრა.

გადაცემის ჩანაწერი

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის სუფთა ჰაერზე გაყვანისას და როგორი უნდა იყოს მისი ჩაცმულობა?

დღის განმავლობაში, მინიმუმ ორჯერ, ბავშვის ჰაერზე გაყვანა და სეირნობა აუცილებელია. გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის სეირნობის პერიოდი განსაზღვრულ დროს მოიცავს. ახალშობილი ბავშვის ჰაერზე გაყვანა მინიმალური დროით უნდა დავიწყოთ, ეს გახლავთ დაახლოებით 10 წუთი. შემდგომ ყოველდღიურად ხდება დროის ზრდა. სეზონის გათვალისწინებით, სეირნობის დრო შეიძლება 2-3 მაქსიმუმ 4 საათამდე გაიზარდოს. ცოტა მოზრდილ ბავშვებში ძილის და კვების რეჟიმის გათვალისწინებით აუცილებელია დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობის დროის დაგეგმვაც. ზოგადად, ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ ბავშვები დილის საათებში გაასეირნონ, როდესაც შედარებით უფრო სუფთა ჰაერია. სეირნობისთვის იდეალური დროა დილის 8-9 საათი, როცა მზე იწყებს ამოსვლას. თუ საკუთარი სახლი გაქვთ და შეგიძლიათ დღის განმავლობაშიც გაასეირნოთ ბავშვი, ეს რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტია, რადგანაც ბავშვი მეტ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე და არა დახურულ სივრცეში.

ზამთრის სეზონზე მშობლებს ხშირად უჭირთ ბავშვისთვის სწორი ტანისამოსის შერჩევა. რას უნდა მიაქციონ მათ ყურადღება?

ძირითადად, ჩემი ბრძოლის საგანს რეიტუზები წარმოადგენს. სავსებით საკმარისია ბავშვს ეცვას ბუნებრივი ქსოვილის თბილი წინდა და თბილი შარვალი. რეიტუზის და შალის ნაქსოვი წინდების ჩაცმის აუცილებლობა არ არსებობს. ასევე, ნაქსოვი ზედა ტანისამოსიც ამოღებულია ხმარებიდან. ზედმეტად თბილი ჩაცმულობა იწვევს ბავშვის გადახურებას, რამაც გაოფლიანების ფონზე შესაძლოა  გამოიწვიოს გაციება. ახალშობილებში გადახურებამ შესაძლოა, გაციებაზე უფრო რთული, სიცოცხლისთვის საშიში  პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ამიტომ ტანსაცმლის შერჩევისას, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ გარემო ტემპერატურას და ბავშვის ასაკს. შარვლის შიგნით რეიტუზი დასაშვებია ზამთრის კურორტებზე და ძალიან ცივ ამინდში, როდესაც ყინვაა. მშობელმა უნდა გათვალოს, რომ როდესაც ბავშვი აქტიურია ეს თავისთავად იწვევს სითბოს წარმოქმნას და ორგანიზმის გათბობას, ზედმეტად თბილმა ჩაცმულობამ ფიზიოლოგიური გათბობის ფონზე შეიძლება გადახურება გამოიწვიოს.

სასურველია თუ არა, ქუდის, ხელთათმანების და შარფის გამოყენება?

ცივი და ქარიანი ამინდის დროს სასურველია გამოვიყენოთ ქუდი. ოღონდ, ქუდი არ უნდა იყოს შალის და ძალიან სქელი ნაქსოვი, რომ არ გამოიწვიოს თავის მიდამოს ჩახურება. ზამთრის ცივ პერიოდში, როდესაც ბავშვს სცივა ხელებზე, სასურველია ხელთათმანების გამოყენებაც. რაც შეეხება შარფს, მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

რამდენად ითვალისწინებენ მშობლები ზემოთაღნიშნულ რჩევებს?

შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პაციენტების მშობლები ყოველთვის ითვალისწინებენ აღნიშნულ რჩევებს. ინფორმირების შემთხვევაში ალბათ სხვა ადამიანებიც გაითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ 10-დან 8 ბავშვში გვხვდება არასწორი ჩაცმის და არასწორი ტემპერატურული რეჟიმის პრობლემა. ასეთი ბავშვები კი უფრო ხშირად ავადობენ და ცივდებიან. თუ თავიდანვე მივაჩვევთ ბავშვს სწორ ტემპერატურულ გარემოში ცხოვრებას, ეს მისი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები