დღეს ვენეციის კომისიამ გამოგვიგზავნა დასკვნა და როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს კანონში ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება.
„არის წარმოდგენილი რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია. ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ გავიზიაროთ ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან და ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება. მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმის გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ჩემი პოზიციაა, როგორც ერთ-ერთი ინიციატორის, ეს წინადადება შეიძლება, გავითვალისწინოთ. ასევე შეიძლება, გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ნორმა, რომელიც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანინდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და აქ გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი. არის ინიციატივა, რომ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება და აქაც მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება“, – აღნიშნა კობახიძემ.