LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნა ოთარ ჯორჯიკიამ მესამე შვილის შეძენა: „ამ დღეს ბავშვის დაბადებას არ ველოდებოდით, სიურპრიზი იყო…“

1975
ოთარ ჯორჯიკია

15 ოქტომბერს თბილისის ოპერაში ოპერა „კარმენში“ წამყვან პარტიას იმღერებს შესანიშნავი ქართველი ტენორი ოთარ ჯორჯიკია. დეკემბერში მას კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს ქართველი მსმენელისთვის, თუმცა დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს, დეკემბრამდე კი თელ-ავივში „მადამ ბატერფლაის“ შეასრულებს.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ოთარი ყველაფრისთვის იცლის, მათ შორის თავისი ოჯახური ცხოვრებისთვის და შვილებთან ურთიერთობისთვისაც.

ახლახან მას და მის მომღერალ მეუღლეს მარიამ ნაჭყებიას მესამე შვილი შეეძინათ. დავითი 27 სექტემბერს დაიბადა და წყვილის მესამე შვილი გახლავთ.

როგორი ემოციები დაეუფლა მესამე შვილის შეძენისას და როგორი მამაა ცნობილი ტენორი, fortuna.ge-ს უყვება.

ოთარ ჯორჯიკია:

დავითი ჩვენი მესამე შვილია. პირველი – გოგონა გახლავთ, ბარბარე, რომელიც უკვე 13 წლისაა, მეორე – თამარი, სამი წლის. პირველი ემოცია მახსოვს ბარბარეზე, თამარზე შუალედი 10 წელი გამოვიდა და ისევ სიახლე იყო, რადგან დიდი დრო გავიდა. ახლაც იგივე შეგრძნება მქონდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დიდი ემოციებია, რომელიც შვილის შეძენისას გეუფლება.

იმღერეთ, როცა დავითი დაიბადა?

არა მხოლოდ მე, არამედ ჩემმა მეგობრებმა, მომღერლებმა და „მიმღერეს“ მთელმა შემადგენლობამ და არცთუ ცუდად (იღიმის).

როგორ აღნიშნეთ დავითის დაბადება?

სხვათა შორის, 27 სექტემბერს დავითის დაბადებას არ ველოდებოდით, სიურპრიზი იყო. 10 ოქტომბერს ველოდებოდით  მის დაბადებას. 27-ში ექიმთან მივედით და სახლში წამოვედით. მარიამი სახლში დავტოვე და ჩემს საქმეზე წავედი ბიძაშვილთან. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მარიამმა დაგვირეკა და აგვაფორიაქა. წავიყვანეთ კლინიკაში და საათნახევარში დავითი სამყაროს მიესალმა.

როგორი მამა ხართ?

მგონია, რომ ცუდი მამა არ ვარ, უბრალოდ, ის მამა ვარ, რომელიც დიდ დროს ვერ ატარებს შვილებთან ერთად, პროფესიის გამო – საოპერო მომღერალი ვარ. პანდემიამდე, სანამ თამარი დაიბადებოდა, მანამდე ბარბარეც და მარიამიც თითქმის ყველგან თან მახლდნენ. ერთად ბევრგან წავსულვართ, მათ შორის, რამდენიმე თვეც. მაგრამ მაინც ვერ ვარ ოჯახთან ისე ხშირად. აქ რომ ვმუშაობდე, ყოველ დღე ერთად ვიქნებოდით. ბარბარესთან ძალიან მაგარი მეგობრობა მაქვს, ძმაკაცურ-მამაშვილური.

თქვენზე აღარ მაქვს საუბარი, თქვენი მეუღლეც შესანიშნავად მღერის. ბავშვებს გამოჰყვათ მშობლების ნიჭი?

აბსოლუტურად ყველას – მგონი, დავითსაც აქვს სმენა, მუსიკაზე რეაგირებს რამდენიმე დღის ბავშვი. თამარიც კარგად მღერის, ბარბარეს პირველი სპექტაკლი ჩემთან ერთად აქვს ნამღერი, „კარმენში“ ბავშვების გუნდში იმღერა. გიტარაზე დაკვრა თავისით ისწავლა.

მოისურვებდით, თქვენი შვილებიდან რომელიმე საოპერო მომღერალი გამხდარიყო?

საოპერო ტენორი ერთ-ერთი რთული პროფესიაა, რაც სამყაროში შეიძლება აკეთო. ჩვენი ნერვიულობა, ენერგიის ხარჯვა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მეშახტეების შრომას უდრის. არ ვიცი, ვინ რამდენად დაუჯერებს ამ კვლევას, მაგრამ მე ხომ ვიცი ჩემი ემოციები? დიდ სცენებზე უნდა წარდგე მაყურებლის წინაშე და ჩუმად მღერი თუ ხმამაღლა, ყველამ უნდა გაიგოს. ძალიან დიდ შრომას უკავშირდება, ხანდახან ღამეები არ გძინავს ნერვიულობითა და ფიქრით, რა როგორ იქნება. მაყურებელს არ აინტერესებს, შენ როგორ ხარ, მას უნდა, შენგან საუკეთესო მოისმინოს. რაც მეტს აღწევ, მით მეტს ითხოვენ შენგან. უნდა გაუფრთხილდე კვებისა და ძილის რეჟიმს, ნერვებს, რადგან ეს ყველაფერი ხმაზე აისახება.

ხშირია, როცა საოპერო მომღერლები მარტო არიან და ოჯახი არ ჰყავთ, ან გვიან ასაკში ქმნიან. ძალიან ეგოისტური პროფესიაა, როგორ ახერხებთ ძალთა ბალანსის გადანაწილებას პირადსა და საქმეს შორის?

როგორ გითხრათ? ნელ-ნელა მივეჩვიე ალბათ. შენი ცხოვრება შენ უნდა მართო. ერთი მხარეც და მეორეც შენი ცხოვრებაა. შეიძლება, მესამეც იყოს, ჰობი, გართობა, – ჩემ შემთხვევაში ეს მოტოციკლით სეირნობაა, რისი შეთავსებაც ჩემს პროფესიასთან რთულია, რადგან არ უნდა გაცივდე, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ მაინც ვახერხებ. დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია – დრო ისე უნდა გადაანაწილო, რომ ერთ ოპერას ასრულებდე და პარალელურად, მეორეს ამზადებდე… ასევე ოჯახთან ერთადაც ატარებდე დროს…

კიდევ გეგმავთ შვილების ყოლას? გქონდათ ოცნება, ბევრი შვილი გყოლოდათ?

ჩემი ოცნება ბავშობიდან იყო, რომ სამი შვილი მყოლოდა. ღვთის წყალობით, ამიხდა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა თუ მომავალში იქნება კიდევ ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებას გაალამაზებს, ისევ ბედნიერი ვიქნები!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: ოთარ ჯორჯიკიას ვაჟი შეეძინა – რა დაარქვეს ახალშობილს

ოთარ ჯორჯიკიას ცოლმა ქმრის გამო საოპერო კარიერა დათმო – წყვილი მესამე შვილს ელოდება

ვიდეო: როგორ მღერიან ცნობილი ქართველი შემსრულებლების მეუღლეები და როგორია მათი სიყვარულის ამბები: „8 წელი მაწვალა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g