LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქართულ ღვინოზეა მაღალი მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე

101
მეღვინეობა

„ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა“ – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებლები შენარჩუნებულია. საერთაშორისო ბაზრებზე წითელ ღვინოზე მაღალი, ხოლო თეთრზე დაბალი მოთხოვნა კი ქვეყანაში რთველის პროცესზე ახდენს გავლენას, რაც სახელმწიფოს მხრიდან თეთრი ყურძნის სუბსიდირებაში გამოიხატება.

„ღვინის ექსპორტი ამ ეტაპისთვის სტაბილურია, მიუხედავად ომისა, ვინარჩუნებთ შარშანდელ მაჩვენებელს, რაც ვფიქრობ, ობიექტური მიზეზების გამო, კარგი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ გვინდა ორციფრიანი ზრდა იყოს, ამ ეტაპზე გასული წლის ექსპორტის შენარჩუნებაც კარგი მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტის 85-90% წითელი ღვინოა, რაც აისახება კიდეც რთველზე. ბოლო წლების განმავლობაში საფერავის ჯიშის ყურძენი სახელმწიფოდან ჩარევის გარეშე ბარდება. თეთრი ჯიშის ყურძნები კი, რომელიც ძირითადად მაღალალკოჰოლური საბრენდე სპირტის დასამზადებლად გამოიყენება, სამწუხაროდ, იმდენად მოთხოვნადი არ არის. ომმა ამ კუთხით პირდაპირი გავლენა იქონია, რამეთუ ჩვენი საბრენდე სპირტის უმეტესი ნაწილი უკრაინაზე იყო მიბმული. სწორედ თეთრ ყურძენზე მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა და ამიტომ თეთრი ყურძნის სუბსიდირება დაგვჭირდა“, – განმარტა ლევან მეხუზლამ გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას.

ცნობისთვის, 2022 წლის 8 თვეში, ქართული ღვინის ექსპორტი 1.2%-ით გაიზარდა და ჯამში ექსპორტზე 146.4 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. აღსანიშნავია, რომ ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე რუსეთში ღვინის ექსპორტი ამ პერიოდში 8.8%-ით გაიზარდა, უკრაინაში კი 58.6%-ით შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები