ინდივიდუალურობის მოყვარული ქართველი დიზაინერი, თამუნა ინგოროყვა, მუდმივად მუშაობს. ახლა „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულისთვის“ ემზადება, სადაც მაისში წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია უნდა წარადგინოს.
წლის მიღწევების ფონზე ის უკვე შემდეგი სეზონის კოლექციაზე იწყებს მუშაობას. ქართველი წარმატებული დიზაინერი თბილისის მოდის კვირეულსაც დაესწრო. შეფასებისას გაგვიმხილა, რომ სალომე ღვინიაშვილს უფრო მეგობრულად, როგორც დამწყებ დიზაინერს, ისე გულშემატკივრობდა, საბოლოო ჯამში კი კოლექცია ძალიან მოეწონა.
საინტერესოა, როგორ შეაფასა სხვა დიზაინერების კოლექციები, ვინ არიან მისი ერთგული ქართველი და უცხოელი კლიენტები და როგორია მისი კონკრეტული გეგმები, იხილეთ ინტერვიუ თამუნა ინგოროყვასთან.
თბილისის მოდის კვირეულის შეფასება
ბევრ ჩვენებას ვერ დავესწარი, თუმცა საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გიორგი შაღაშვილის, სალომე ღვინიაშვილისა და ლალოს ჩვენებებს დავეწარი.
გიორგი შაღაშვილი, როგორც ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ძალიან საინტერესო იყო. თუმცა ცოტა განსხვავებულს ველოდი, მეგონა, რომ ცოტა სირბილეს, ჰაეროვნებას და ვაბი-საბის ფსიქოლოგიას შეიტანდა, რადგან იაპონური თემა ჰქონდა აღებული. რა თქმა უნდა, ის მაინც განსხვავებული იყო, გიორგი ყოველთვის ალამაზებს კოლექციებს.
სალომე ღვინიაშვილის კოლექცია ძალიან ლამაზი იყო. სალომეს უფრო მეგობრულად, როგორც დამწყებ დიზაინერს, ისე ვგულშემატკივრობდი.
LALO Cardigans პრეზენტაციას დავესწარი, რომელიც ასევე, ძალიან მომწონს. ახალი და ძალიან საინტერესო იყო, ახალი ტექნიკა შემოიტანეს თავიანთ კოლექციაში.
2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“
კოლექციის შთაგონების წყარო გახდა Richard Serra-ს ნამუშევრები “Rambling Drawings”. ქალი არის ძალიან იდუმალი, სადა, ცოტა გულჩათხრობილი, რომელიც თავის სამყაროშია. რეალურად თავისი სამყარო მოძრაობს მის გარშემო. თავისთვის დადის, ტრიალებს და ქმნის, ყველაფერი მის გარშემო განსაკუთრებულია. კოლექცია ძირითადად მუქია. ამ კოლექციაში გამოყენებული გვექნება ხელით ნამუშევრები, ხელით მოხატული ქსოვილები, ეს პირველად გვაქვს, არასდროს გამოგვიყენებია წინა კოლექციებში. შეზღუდული ფერებია, ფერთა გამა მრავალფეროვანი არ არის. ძირითადი აქცენტი საინტერესო დეტალებზეა.
ჩვენების დროს თვითონ ამ “Rambling Drawings“-ით“ჩემი მაყურებელი მინდა, იმ გოგოს სამყაროში წავიყვანო, რომელიც თავის ტყეში დაბოდიალობს. იმ ტყეში, სადაც ის ახალ სამყაროს აღმოაჩენს, ემოციებს გამოხატავს და ამ ემოციებით გვესაუბრება. ლოკაციაზე ფიქრის პროცესში მომისწარით, ჯერჯერობით, „მომა“ გადავწყვიტეთ და არ ვიცი, შეიძლება შევცვალო.
„მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ შედეგი
უპირველეს ყოვლისა, „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ განაპირობებს პრესის უდიდეს ყურადღებას. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მხოლოდ მოდის კვირეულის ფარგლებში არ იწყება და არ სრულდება, მთელი წლის განმავლობაში შუქდება, არ ჩერდება. მაგალითად, იტალიურ Gracia-ში გადაიღეს კოლექცია ზამთარში, მთელი წელი მიდის პროცესი.
ეს კვირეული ძალიან კარგად და სერიოზულად გაცნობს მსოფლიო მარკეტს. როდესაც პარიზის ჩემს შოურუმში ვმუშაობ, „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ მხრიდან არ ჩერდება პიარი. აშუქებენ, რომ პარიზში ვარ, გადაღებებს, ინტერვიუებს ნიშნავენ და ყოველთვის დინამიკაში არიან. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ დავიწყეთ მოდის კვირეული და დავასრულეთ, 6 თვე დავისვენოთ. არა, ეს არის ყოველდღიური მუშაობა. მე ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ.
მიღწევები და გეგმები
ჩვენი კოლექციები უკვე სხვადასხვა კონტინენტზე იყიდება. წლევანდელი კოლექცია ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ჩაიცვა: Linda Rodin; Doutzen Kroes; Edita Vilkeviciute; Lion Babe და სხვები. ბევრ ძალიან ცნობილ მოდის ჟურნალში დაიწერა ჩვენ შესახებ.
რაც შეეხება გეგმებს, „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ შემდეგ ეს კოლექცია გაიგზავნება ნიუ-იორკში და იმუშავებს პიარსააგენტოში. სხვადასხვა ცნობილ ჟურნალში დაიბეჭდება და ცნობილი ადამიანებიც ჩაიცვამენ. მე უკვე ვიწყებ გამოწერას, ესკიზებზე მუშაობას და ზაფხულის შემდეგი კოლექციის გაკეთებას, რადგან სექტემბერში უკვე პარიზსა და ნიუ-იორკში უნდა წარვადგინოთ.
ერთგული ქართველი კლიენტები
ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს: ნანი ბრეგვაძე; ეკა მამალაძე; ნატალიკო ქუთათელაძე; ნატო მეტონიძე; ნინი ბადურაშვილი; ეკა კახიანი; ნეკა სებისკვერაძე; გოგოლა კალანდაძე და ესტრადისა და სატელევიზიო სივრცის წარმომადგენლები, რომლებიც წლებია, ჩვენი ერთგულნი არიან და მოგვყვებიან წლების განმავლობაში.
ქართველი მომხმარებელი და მისი გემოვნება
წლებია, ძირითადად, ერთი და იგივე მომხმარებელი მყავს. წლების განმავლობაში უფრო თამამები გახდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო საინტერესოა. ყოველ წელს იცვლება ადამიანი, ზოგი იცვლება, ზოგი პირიქით იკეტება, მაგრამ მე ერთ რამეს გამოვარჩევდი, რაც ქართველ მომხმარებელს აკლია: ეს არის ინდივიდუალურობა. არ აქვს მნიშვნელობა რა გაცვია, მთავარია, როგორ ატარებ სამოსს.
საგაზაფხულო ტრენდები და ფერები
საგაზაფხულო კოლექცია შექმნილია Donald Judd-ის შთაგონებით, აღებული იყო ბევრი პასტელური ფერის სხვადასხვა კომბინაცია. კოლექცია არის გრაფიკული, ნაქარგებით გაწყობილი, კონტრუქციული ფორმებით. ქსოვილებიდან ძირითადად გამოყენებული გვაქვს ვისკოზა, რომელიც ძალიან აქტუალურია. ვთავაზობთ პასტელურ ფერებს და რაც შეიძლება მეტ ინდივიდუალურობას.
თამუნა ინგოროყვას პირადი სტილი
ყოველდღიურად სხვადასხვა სტილი მაქვს, ბრენდების მოყვარული არ ვარ. ერთადერთი, რაშიც თამამად გავცემ ინვესტიციას, ფეხსაცმელები და ჩანთებია. უკვე ინვესტიციას ვუწოდებ, იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული. ყოველდღიურად უბრალო სამოსს ვანიჭებ უპირატესობას, რომლებიც შეიძლება Zara-ში და H&M-ში შევიძინო.
ტატა ნაკანი