LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

55
ipiccy-image

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, საკითხზე სასაუბროდ სააგენტოს ხელმძღვანელთან ალექსადრ ნერადკოსთან, მოსკოვში მყოფი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია იმყოფებოდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დეტალურად განიხილეს საკითხი, რომელიც უკავშირდება სოხუმის აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციას. მათივე ცნობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ერთიანდებიან რუსი და აფხაზი სპეციალისტები.

შეგახსენებთ, აფხაზეთში სოხუმის ვლ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, იგივე ბაბუშერას აეროპორტის ამუშავებას გეგმავენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ აეროპორტი 2024 წლისთვის ამოქმედდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოხუმის აეროპორტი მუშაობას შეუდგეს. ის მუშაობას დაიწყებს არაუგვიანეს 2024 წლისა. რუსეთიდან სპეციალისტები და პოტენციური ინვესტორები უკვე რამდენჯერმე ჩამოვიდნენ სოხუმში. ეს პროექტი დაიწყება და ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, – აღნიშნა რამდენიმე თვის წინ, ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული დე ფაქტო აფხაზეთის ამჟამინდელი „მთავრობის ბედი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები